- Advertisement -

ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში, მეღვინეობა-მევენახეობის მხარდაჭერა მოხდება

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი ყოველწლიურ ანგარიშს წარადგენს, გურჯაანის მაჟორიტარი დეპუტატი, დავით სონღულაშვილი რთველის სუბსიდირების საკითხებით დაინტერესდა.

როგორც მან აღნიშნა, დღეს არსებული ეკონომიკური კრიზისიდან გამომდინარე, მეღვინეობა-მევენახეობის სექტორი მნიშვნელოვნად დაზარალდა.

„გურჯაანის, როგორც მეღვინეობის მუნიციპალიტეტისთვის, წამყვანი მიმართულება მეღვინეობა-მევენახეობაა. დღეს არსებული ეკონომიკური კრიზისიდან გამომდინარე, რაც მსოფლიოშია, მნიშვნელოვნად შეეხო მეღვინეობასაც. მაინტერესებს, რა მექანიზმით მოხდება სუბსიდირება რთველის პერიოდში, რადგან ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, არა მხოლოდ გურჯაანისთვის, არამედ მთლიანად კახეთისთვის,” – განაცხადა დავით სონღულაშვილმა.

მეღვინეობის გარდა, დეპუტატმა პრემიერს მცირე და საშუალო ბიზნესის მიერ ევროპულ ბაზარზე პროდუქციის განთავსების გეგმებთან დაკავშირებითაც დაუსვა კითხვა.
„მინდა აღვნიშნო, რომ ქვეყნის ეკონომიკის ძირითადი ნაწილი მცირე და საშუალო ბიზნესია. მაინტერესებს, რა სტრატეგია არსებობს მცირე და საშუალო ბიზნესისთვის, რომ ეს ხელშეკრულება, რომელიც საქართველოს ევროპასთან აქვს გაფორმებული, ვგულისხმობ ღრმა და ყოვლისმომცველ ხელშეკრულებას, მისი შესაძლებლობები სრულად იქნას გამოყენებული და ათვისებული ბიზნესის მიერ?,“ – აღნიშნა დავით სონღულაშვილმა.​
საქართველოს პრემიერ მინისტრმა დეპუტატის დასმულ შეკითხვებს უპასუხა და აღნიშნა, რომ მეღვინეობა-მევენახეობის მიმართულებით მთავრობის მხარდაჭერა აუცილებლად იქნება და შესაბამისი სტრუქტურაც მალე გახდება ცნობილი.
„ჩვენ შესანიშნავი ჩარჩო საკანონმდებლო ინფრასტრუქტრუა გვაქვს ევროკავშირთან, მაგრამ პრობლემა გვაქვს ტრანსპორტირების, იმიტომ რომ სახმელეთო საზღვარი არ გავქვს, პრობლემურია შავი ზღვა. შავი ზღვის საშუალებით კავშირგაბმულობა არის ძალზედ გასაძლიერებელი. საქართველოს ეკონომიკისთვის ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი იმპულსი, რომელმაც შეიძლება სწრაფი ეკონომიკური ზრდა მოგვცეს ეს შეიძლება იყოს შავი ზღვის საშუალებით, სწრაფად, კავშირგაბმულობის დალაგება ევროკავშირთან. რაც შეეხება მეღვინეობას, სახელმწიფო აუცილებლად დაემხარება ამ მნიშვნელოვან სფეროს და უახლოეს ერთ კვირაში ამ დახმარების სტრუქტურა იქნება ნათელი“, – განაცხადა საქართველოს პრემიერ მინისტრმა გიორგი გახარიამ.
დასარულს, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ დავით სონღულაშვილმა ხაზი გაუსვა საქართველოს ევროინტეგრაციისკენ სწრაფვას და აღნიშნა, რომ სწორესდ ეს პროცესი და მისგან მიღებული შედეგები არის საქართველოს ხვალინდელი დღე.

Comments
Loading...