- Advertisement -

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოში ორი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომა გაიმართა

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა და განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის საკითხთა კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე ერთდროულად სამ მინისტრს მოუსმინეს. 2021-2024 წლების პრიორიტეტების დოკუმენტსა და საშუალოვადიანი სამოქმედო გეგმაზე, ძირითადი მოხსენებით, კანონმდებლების წინაშე ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი ჯაბა ფუტკარაძე, ხოლო თანამოხსნებებით – ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ზაალ მიქელაძე, განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მაია ხაჯიშვილი წარსდგნენ. მომხსენებელთა განცხადებით, მომავალი წლების პრიორიტეტები რეგიონის მოსახლეობის ინტერესების შესაბამისად განისაზღვრა.

კითხვა-პასუხის დასრულების შემდეგ პრიორიტეტების დოკუმენტი და საშუალოვადიანი სამოქმედო გეგმა ორივე კომიტეტის წევრებმა ცნობად მიიღეს.
სხდომაზე საქართველოს პარლამეტიდან შემოსული საკანონმდებლო ინიციატივები ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ნუგზარ სურმანიძემ წარმოადგინა – პარლამენტის წევრების: სოფიო კილაძის, ირაკლი კობახიძის, შალვა კიკნაველიძის, მერაბ ქვარაიას, რატი იონათამიშვილის, დიმიტრი ცქიტიშვილის, ილია ნაკაშიძის, დიმიტრი მხეიძის, დავით მათიკაშვილის, ანრი ოხანაშვილის, პაატა მხეიძის, გია ბენაშვილის, ცოტნე ზურაბიანის, გოგი მეშველიანის, ენძელა მაჭავარიანის, სვეტლანა კუდბას, ფატი ხალვაშისა და დიმიტრი ხუნდაძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონების პროექტები: „დასაქმების ხელშეწყობის შესახებ“, „ოფიციალური სტატისტიკის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, საქართველოს ორგანული კანონების პროექტები: „საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს შრომის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“, „საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტი „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ , უმაღლესი საბჭოს წევრებმა ცნობად მიიღეს.

Comments
Loading...