- Advertisement -

ბათუმის მერია საზოგადოებრივი ტრანსპორტის კონტროლს ამკაცრებს

ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელმა არჩილ ჩიქოვანმა, ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე, მერიის სამსახურის ხელმძღვანელებთან შეხვედრა გამართა. ინფორმაციას ამის სესახებ, ბათუმის მერიის პრეს-ცენტრი ავრცელებს. შეხვედრაზე საუბარი შეეხო, საზოგადოებრივ ტრანსპორტში უსაფრთხოების ზომების დაცვასა და მის კონტროლს.

შეხვედრას ესწრებოდნენ მგზავრგადამყვანი კომპანიების ხელმძღვანელები, ასევე, ,,ბათუმის ავტოტრანსპორტის” დირექტორი ბადრი ფარტენაძე. არჩილ ჩიქოვანმა მათ რეგულაციების მიქსიმალური გათვალისწინება დაავალა.
,,ბათუმის მუნიციპალურ ტრანსპორტსა და საქალაქო მიკროავტობუსებში მაქსიმალურად უნდა იყოს გათვალისწინებული კორონავირუსის გავრცელების საპრევენციო ღონისძიებები. აქვე, მინდა ვთხოვო ყველა მგზავრს, არ გადაადგილდეს მიკროავტობუსით ფეხზე მდგომი და აუცილებლად გამოიყენოს პირბადე. წინააღმდეგ შემთხვევაში, მძღოლებს უფლება ექნებათ, არ დაძრან მიკროავტობუსები. მძღოლები მაქსიმალურად უნდა იყვნენ ჩართულები სატრანსპორტო საშუალებაში წესრიგის დაცვის პროცესში. მოვუწოდებ მძღოლებს, მიკროავტობუსებით გადაადგილებისას დაიცვან უსაფრთხოების წესები“,-განაცხადა ჩიქოვანმა.
მერის მოვალეობის შემსრულებლის განმარტებით, ყველა მიკროავტობუსსა და მუნიციპალურ ავტობუსში ყოველდღიურად ტარდება დეზინფექცია და მიღებულია ყველა საჭირო ზომა, რომელიც ემსახურება ვირუსის გავრცელების პრევენციას.
შეხვედრაზე, არჩილ ჩიქოვანმა მუნიციპალურ საბავშვო ბაღებთან დაკავშირებითაც ისაუბრა.
,,პირველი ოქტომბრიდან ბაღებში აღსაზრდელების მიღება დაიწყება. აქვე, მინდა, ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელს, მამუკა შამილიშვილს დავავალო, სანამ სააღმზრდელო პროცესი განახლდება, დროულად მოხდეს საკვები პროდუქტების გაცემა, რომელიც აღსაზრდელებს სექტემბერში, ორი კვირის განმავლობაში უნდა მიეღოთ. მაქსიმალურად იყოს დაცული საკოორდინაციო საბჭოს მიერ გაცემული რეკომენდაციები, გაკონტროლდეს დისტანციის დაცვა და პირბადის გამოყენება”,-განაცხადა ჩიქოვანმა.
მერის მოვალეობის შემსრულებელმა ასევე მიმართა მუნიციპალური ინსპექციის ხელმძღვანელს, მაქსიმალურად გაკონტროლდეს იმ რეგულაციების დაცვა, რომელიც სოციალურ ღონისძიებებზე შეზღუდვების დაწესებას გულისხმობს.
,,უკვე ამოქმედდა ახალი რეგულაციები, რომლებიც სოციალურ ღონისძიებებზე შეზღუდვების დაწესებას გულისხმობს. შესაბამისად, უნდა მოხდეს აღსრულების მექანიზმის გამკაცრებაც. მაქსიმალურად იყოს თქვენი სამსახურები ამ პროცესებში ჩართულნი. რეკომენდაციების შესაბამისად, გამკაცრდეს მონიტორინგი, კონტროლი და ინტენსიურად შემოწმდეს სასტუმროები, სილამაზის სალონები, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილები. მკაცრად გაკონტროლდეს მუნიციპალურ ავტობუსებსა და სამარშრუტო ტაქსებში პირბადის გამოყენება“.
არჩილ ჩიქოვანის განცხადებით, ყოველდღიურ რეჟიმში ხორციელდება სადეზინფექციო სამუშაოები მრავალბინიან სახლებსა და ლიფტებში. რაც შეეხება კულტურულ ღონისძიებებს, ყველა დაგეგმილი ღონისძიება გადაიდო. ბათუმის მერიას დაქვემდებარებული ორგანიზაციების დაწესებულებებში შესვლისას ყველა თანამშრომელს უტარდება თერმოსკრინინგი.

Comments
Loading...