- Advertisement -

კაცს, რომელიც ტიტების გაყიდვის გამო პოლიციამ 3000 ლარით დააჯარიმა, მოქალაქეებმა 5 ათას ლარამდე თანხა შეუგროვეს

თელავში მცხოვრებ 73 წლის მიშა ყარაულაშვილს, რომელიც ტიტების გაყიდვის გამო პოლიციამ 3000 ლარით დააჯარიმა, მოქალაქეებმა 5 ათას ლარამდე თანხა შეუგროვეს.

მოხუცის დასახმარებლად ახალგაზრდა აქტივისტმა ანა ინგოროყვამ სოციალური ქსელის დახმარებით საკუთარი ანგარიშის ნომერი გამოაქვეყნა და მისთვის ფულის შეგროვება დაიწყო.

,,ქვეყანაში არსებული უთანასწორო მდგომარეობის გამო, რისი ნათელი მაგალითიც გახდა 73 წლის ტიტების გამყიდველი მამაკაცის დაჯარიმება 3 000 ლარით, მაშინ როდესაც ყველა ტაძრის ეზო სავსე იყო მრევლით, რატომღაც მხოლოდ ის აღმოჩნდა კანონდამრღვევი.
გთავაზობთ, კიდევ ერთხელ გამოვიჩინოთ მაღალი საზოგადოებრივი პასუხისმგებლობა და დავეხმაროთ მიშა ყარაულაშვილს. ჯარიმა საჭიროებს გასაჩივრებას, ეს ადამიანი კი მატერიალურ დახმარებას.

გამომდინარე იქიდან, რომ მის საკუთარ ანგარიშზე თანხის ჩარიცხვამ შესაძლოა პრობლემები შეუქმნას და შეუწყვიტონ სოციალური დახმარება, გადავწყვიტე შევუგროვო თანხა და პირადად გადავცე.

რამდენიმე საათში შევძელით ჩემს ანგარიშზე 951 ლარის შეგროვება მიშა ბაბუს დასახმარებლად. ასევე ამ წამოწყებაში ჩართული იყო თავისუფლების გამავრცელებელი საზოგადოების ფეისბუქჯგუფიც იყო ჩართული. გარდა ამისა, კამპანიაში ჩაერთო მოძრაობა დავეხმაროთ მოხუცებს, რომელმაც საგანგებო მდგომარეობის პერიოდში თანხას აგროვებს და მოხუცებს პირველადი საჭიროების ნივთებით ეხმარება. ჯამში შეგროვებული თანხა 5 000 ლარამდე გამოვიდა”, – წერს სოციალურ ქსელში ანა ინგოროყვა.

ცნობისათვის, თელავში მცხოვრები 73 წლის მიშა ყარაულაშვილი, რომელიც ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე ტიტებს ყიდიდა, პოლიციამ 3000 ლარით დააჯარიმა.
მისი თქმით, ტიტების გაყიდვა იმიტომ გადაწყვიტა, რომ ოჯახის წევრისთვის წამლის და საჭმელის საყიდელი ფული მოეგროვებინა.

Comments
Loading...