- Advertisement -

მინდია ლავასოღლის საქართველოს საპატიმროში გადმოყვანის მოთხოვნით ბათუმში აქცია გაიმართა

ქურდული სამყაროს წევრობისთვის მსჯავრდებული მინდია ლავასოღლის საქართველოსთვის გადმოცემის მოთხოვნით ბათუმში, თურქეთის საკონსულოსთან, მისი ოჯახის წევრებისა და ახლობლების საპროტესტო აქცია გაიმართა. ლავასოღლი ამ დროისთვის, თურქეთში საექსტრადაციო პატიმრობაში იმყოფება. ისინი, მინდია ლავასოღლის გადმოყვანას, საქართველოს საპატიმროში ითხოვენ.

ადვოკატი ლექსო კობაიძე ამბობს, რომ მინდია ლავასოღლი არა თურქულ საპატიმროში, არა ადამიანურ პირობებში, მიწიდან ოთხი სართულით ქვემოთ მოწყობილ საკანში ჰყავთ მოათავსებული, რის გამოც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულად დამძიმდა.

“ამჯერად ეუბნებიან, რომ მისი მგზავრობის საკითხი არის გაურკვეველი… მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა განსაკუთრებით მძიმეა, ის მიწიდან ოთხი სართულის ქვემოთაა, სადღაც ჯურღმულში, პერიოდულად გადაჰყავთ სამედიცინო დაწესებულებაში, მაგრამ ეს საკმარისი არაა,” – გვითხრა ლექსო კობაიძემ.

აქციაზე შეკრებილებს ეჭვი აქვთ, რომ მინდია ლავასოღლის ქართულ ციხეში გადმოყვანა საქართველოს ხელისუფლებას არ სურს და პროცესი, სწორედ ამის გამო ჭიანურდება.

მოგვიანებით, საპროტესტო თურქეთის საკონსულოსთან შეკრებილებმა აჭარის ტელევიზისთან გადაინაცვლეს და აქციის პირდაპირ ეთერში გაშუქება მოითხოვეს. მათივე განცხადებით, პროტესტი პროკურატურასთან გაგძელდება.
მინდია ლავასოღლი საქართველოში კანონიერი ქურდობის ბრალდებით გაასამართლეს, თუმცა განაჩენის მიღების დროს, 2018 წელს, იგი ქვეყანაში აღარ იმყოფებოდა.

გასულ წელს მინდია ლავასოღლი თურქეთში დააკავეს, თუმცა იგი ამ დრომდე საქართველოსთვის ექსტრადაციის წესის შესაბამისად არ გადმოუციათ. მინდია ლავასოღლის საექსტრადაციო პატიმრობის ვადა თურქეთში 2020 წლის 28 თებერვალს ამოეწურა, თუმცა 29 თებერვალს მას ხელახლა შეუფარდეს საექსტრადაციო პატიმრობა.

Comments
Loading...