სამცხე ჯავახეთის მუზეუმში განახლებული საგამოფენო სივრცეები გაიხსნა

სამცხე ჯავახეთის მუზეუმში განახლებული საგამოფენო სივრცეები გაიხსნა

ივანე ჯავახიშვილის სახელობის სამცხე ჯავახეთის მუზეუმში განახლებული საგამოფენო სივრცეები გაიხსნა.

გამოფენაში ჩაერთო რეგიონში ახლადაღმოჩენილი ექსპონატები, ექსპოზიცია ტექნიკურად განახლდა და აღიჭურვა თანამედროვე სამუზეუმო სტანდარტების შესაბამისი განათების სისტემით.
სამცხე-ჯავახეთის მუზეუმის ექსპოზიციის შინაარსობრივი და ტექნოლოგიური განახლება განაპირობა 2015-2016 წწ. ადიგენის მუნიციპალიტეტში, სოფელ ორჭოსანში, სამხრეთ კავკასიის მილსადენის გაფართოების პროექტის (SCPX) მშენებლობის ზონაში, ჩატარებული არქეოლოგიური გათხრების შედეგად მოპოვებული მასალების გამოფენაში ჩართვის აუცილებლობამ.
მილსადენის მშენებლობის პროცესში მიკვლეული იქნა ნეოლითის ხანის (ძვ.წ. 37-35 სს) ორჭოსანის ნამოსახლარი. ნამოსახლარზე მოპოვებული მასალების მნიშვნელობის და მათ მიმართ დიდი სამეცნიერო ინტერესის გამო, აუცილებელი გახდა ექსპოზიციაში ასახულიყო საქართველოს ისტორიის ის პერიოდი, როდესაც ძლიერდება მესხეთის მოსახლეობის კავშირი შუამდინარეთისა და მახლობელი აღმოსავლეთის კულტურებთან.
ამ აღმოჩენით ნათლად გამოიკვეთა კავკასია, ანატოლია, ირანისა და მესოპოტამიის ნეოლითური ხანის კულტურებში საქართველოს როლი და მნიშვნელობა. ამ პერიოდში პირველად იწყება ფართო ხასიათისა და რთულპროფილიანი სამელითონეო ხელოსნობის წარმოება; ადგილობრივი, უხეშად დამუშავებული თიხის ნაწარმის გვერდით ჩნდება წითლად შეღებილი და გაპრიალებული იმპორტული ჭურჭელი; შორმანძილიანი სავაჭრო ურთიერთობის შედეგად შემოდის კალიანი ბრინჯაოს ნაწარმი; რელიგიური რიტუალებისათვის მზადდება ანთროპომორფული და ზოომორფული თიხის ქანდაკებები; ჩნდება ბორბლიანი ტრანსპორტი; საზოგადოების დიფერენციაციის საფუძველზე მზადდება განსაკუთრებული სამკაული ლითონის დიადემა და სხვა.
ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენის (BTC) მშენებლობის დროს I-VII საუკუნეების ნამოსახლარზე აღმოჩენილი არქეოლოგიური მასალების გამოყენებით, საგამოფენო სივრცის მოწყობა დასრულდა 2012 წელს შემუშავებული კონცეფციის მიხედვით. გამოფენა შეივსო VI-VII საუკუნეების ადრექრისტიანული სარიტუალო ნივთებით, განვითარებული შუა საუკუნეების დარბაზში გამოიფინა ვანის ქვაბებში 1287 წელს მომხდარი მიწისძვრის ამსახველი მასალები. დამთვალიერებელი აქვე იხილავს მესხეთის ისტორიის ამსახველ რუკებსა და ტექსტებს, ასევე ვარძიის XII-XIII სს თამარ მეფის ფრესკის ზუსტ ასლს და ბევრ სხვას.
აღსანიშნავია ნუმიზმატიკური საგანძურის განახლებული გამოფენა.
ახალციხის მუზეუმში დაცულ სამცხე-ჯავახეთის ნუმიზმატიკურ კოლექციებს საქართველოს ისტორიაში გამორჩეული ადგილი უკავია, რისი მიზეზიც ამ რეგიონში დოკუმენტურად დადასტურებული ორი სამონეტო კარის _ ახალციხის და არტანუჯის ზარაფხანის არსებობაა. ამ რეგიონში სამონეტო მიმოქცევა ძვ. წ. V საუკუნის II ნახევრიდან - „კოლხური თეთრით“ დაწყებული XIX საუკუნის ჩათვლით, თითქმის ქრონოლოგიური უწყვეტობით მიმდინარეობს.
ყოველივე ამის გათვალისწინებით, შეივსო და განახლდა ნუმიზმატიკური ექსპოზიცია, რომლის მთავარი კონცეფციაა სამონეტო განძების საშუალებით წარმოჩინდეს, რომ ეს რეგიონი ყოველთვის იყო აქტიურად ჩართული მთელი ქვეყნის პოლიტიკურ-ეკონომიკურ პროცესებში და, ამავდროულად, მუდმივი კავშირი გააჩნდა გარე სამყაროსთან.
ექსპოზიციაზე ასევე წარმოდგენილია არტანუჯის ზარაფხანაში მოჭრილი მონეტა, რომელიც მუზეუმს დროებით მფლობელობაში გადასცა საუდის არაბეთის სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა გიორგი ჯანჯღავამ.
სამცხე-ჯავახეთის მუზეუმის განახლებულ ექსპოზიციაზე დამთვალიერებელი გაეცნობა ქრონოლოგიური თანმიმდევრობით წარმოდგენილ მესხეთის ისტორიისა და განვითარების ამსახველ მრავალფეროვან მასალას.

სამცხე ჯავახეთის მუზეუმში განახლებული საგამოფენო სივრცეები გაიხსნა

სამცხე ჯავახეთის მუზეუმში განახლებული საგამოფენო სივრცეები გაიხსნა

12 ივლისი, 2018

ივანე ჯავახიშვილის სახელობის სამცხე ჯავახეთის მუზეუმში განახლებული საგამოფენო სივრცეები გაიხსნა. გამოფენაში ჩაერთო რეგიონში ახლადაღმოჩენილი ექსპონატები, ექსპოზიცია ტექნიკურად განახლდა და აღიჭურვა თანამედროვე სამუზეუმო სტანდარტების...

აფხაზეთი
პოპულარული სტატიები
ბათუმი
ოზურგეთი
ქუთაისი
თელავი
მცხეთა
ამბროლაური
ზუგდიდი
ფოთი
ახალციხე
რუსთავი
გორი