- Advertisement -

ოზურგეთის საკრებულომ, “მუნიციპალიტეტში ტურისტული მომსახურების განვითარება და ადგილობრივი ბიზნესის წახალისება ინფრასტრუქტურის გზით” საკონკურსო პროექტი მოიწონა

ოზურგეთის საკრებულომ, რიგგარეშე სხდომაზე “ოზურგეთის მუნიციპალიტეტში ტურისტული მომსახურების განვითარება და ადგილობრივი ბიზნესის წახალისება ინფრასტრუქტურის გზით” საკონკურსო პროექტი მოიწონა.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტი იმ საპილოტე რეგიონებს შორის არის, რომლებსაც საქართველოს მთავრობის დადგენილებით დამტკიცებული , ” 2020 -2022 წლების საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების ” საგრანტო პროგრამა ეხება. აღნიშნულ კონკურსში ოზურგეთის მუნიციპალიტეტი სოფელ ბახვში შიდა სასოფლო საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას გეგმავს.

„ ევროკავშირმა და საქართველოს მთავრობამ მიმდინარე წლის ივნისის თვეში ერთობლივად გამოაცხადეს საგრანტო კონკურსი. მნიშვნელოვანია, რომ კონკურსში მონაწილეობს ოზურგეთის მუნიციპალიტეტი. კონკურსის იდეა, არსი მდგომარეობს იმაში, რომ ადგილობრივი ბიზნესი, წარმოება იყოს მხარდაჭერილი, მის განვითარებას ხელი შევუწყოთ. აქ საუბარია, სოფელ ბახვზე, სადაც პროექტის განხორციელება მოხდება და რასაც საკრებულოს მთელმა შემადგენლობამ მხარი დაუჭირა“ – განაცხადა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, დავით დარჩიამ.

სხდომაზე კიდევ ერთხელ აღინიშნა ეკონომიკის სტიმულირებისა და ამ მიმართულებით დონორი ორგანიზაციების მხარდაჭერის მნიშვნელობა.

„ პროცესი დავიწყეთ მართებულად. საკრებულომ დაამტკიცა მუნიციპალიტეტის საშუალო ვადიანი განვითარების გეგმა, მეორე ეტაპი კი ამ გეგმიდან გამომდინარე უკვე აღნიშნულ კონკურსში მონაწილეობა და პროექტის განხორციელებაა. ჩვენ გვაქვს კარგი გამოცდილება, გასულ წლებში, ევროკავშირის მხარდაჭერით საკმაოდ მასშტაბური პროექტი განვახორციელეთ ტურისტული მიმართულებით, ამ ეტაპზე კი ეს არის მეორე მნიშვნელოვანი ნაბიჯი, რომელიც ტურისტულ მომსახურების განვითარებას და ეკონომიკის სტიმულირებას ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებით, მოიცავს“. – აღნიშნა საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ გიორგი ღურჯუმელიძემ.

საკრებულოს წევრების შეკითხვებს პროექტის წარმომდგენმა, მერიის ეკონომიკის სამსახურის უფროსმა ალეკო მამეშვილმა უპასუხა და მათ დეტალური ინფორმაციაც წარუდგინა.

პროექტი საკრებულომ ხმათა უმრავლესობით მოიწონა.

Comments
Loading...