- Advertisement -

თერჯოლის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურულ პროექტებზე სამშენებლო სამუშაოები აქტიურ ფაზაშია

თერჯოლის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურულ პროექტებზე სამშენებლო სამუშაოები აქტიურ ფაზაშია. კოვიდინფექციის პრევენციის მიზნით, სამუშაოები სპეციალისტების რეკომენდაციებისა და უსაფრთხოების ყველა წესის დაცვით მიმდინარეობს.

თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა ლაშა გოგიაშვილმა, საკრებულოს თავმჯდომარე ნინო ჯანელიძემ, მერის მოადგილე მანუჩარ რობაქიძემ ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად ალისუბანსა და რუფოთში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების მონიტორინგი განახორციელეს.

ალისუბანი-სკანდის დამაკავშირებელ გზაზე ბეტონის საფარით მოწყობა სრული დატვირთვით მიმდინარეობს. სამუშაოებს რეგიონული განვითარების ფონდიდან, ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინასებით, გამოყოფილი 315 790 ლარით, ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს “მეკა” აწარმოებს. პროექტი გარდამავალია და საერთო ჯამში 1,7 კმ გზის მოწყობაზე 531 790 ლარი დაიხარჯება. ასევე გარდამავალი პროექტი მიმდინარეობს რუფოთი-ჩხარის დამაკავშირებელ გზაზე, სადაც ტენდერში გამარჯვებული კომპანია”ჯეო როუდ ინვესტი” გზის 1,5 კმ-იან მონაკვეთს მოაწყობს არმირებული ბეტონითა და სანიაღვრე არხებით, რაზეც საერთო ჯამში 639 438 ლარია გათვალისწინებული.

“ამ გზებზე, რომლითაც სარგებლობს რამდენიმე სოფლის მოსახლეობა, პირველად იგება ბეტონი და მათ რეაბილიტაციას ითხოვდა ადგილობრივი მოსახლეობა. მიმდინარე წელს რეგიონული განვითარების ფონდიდან 6 მსხვილმასშტაბიანი საგზაო პროექტი განხორციელდება. ასევე გზების მოწყობა გათვალისწინებულია სოფლის მხარდაჭერის პროგრამისა და სტიქიით სალიკვიდაციო ფონდის ფარგლებში. მოსახლეობის მოთხოვნიდან გამომდინარე, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა მუნიციპალიტეტში ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებად რჩება”, – განაცხადა ლაშა გოგიაშვილმა.

Comments
Loading...