- Advertisement -

აკურაში ნახევარ ჰექტარზე გაშენებული ვაზის ნერგები მოიპარეს

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ აკურაში მცხოვრები მოდებაძეების ოჯახის ინფორმაციით, გუშინ გვიან საღამოს მათ ნახევარ ჰექტარზე ახლადგაშენებული რქაწითელის ჯიშის ვაზის 1200 ნერგი მოპარეს.

"ნერგები შუა სოფელში, ღვინის ქარხნის სიახლოვეს დაახლოებით სამი კვირის წინ გავაშენეთ, რამდენიმწ დღის წინ მამაჩემი ჩქვიდა შეამოწმა ვენახი და 50 ძირი აღარ იყო, დღეს კი აღმოვაჩინეთ რომ 1200 ძირი აქვთ წაღებული, ბოლო დროს დაფესვიანებული ვაზის ნერგის მოპარვის შემთხვევები გახშირდა. ჩემს მეგობარსაც 400 ძირი მოპარეს რამდენიმე თვის წინ,თუმცა ქურდი არ არის ამ დრომდე დაჭერილი. 

ვიფიქრეთ, რომ სოფლის შუაგულში გაშენებული ნერგის წაღებას ვერ გაბედავდნენ,თუმცა როგორც ჩანს შევცდით. დაინტერესებულები არიან დაფესვიანებული ნერგებით , რომლის გადარგვაც თავისუფლად შეიძლება, ცივად დამყნობილი არ მიაქვთ, იმიტომ რომ ის არ ხარობს"- აღნიშნა "აიპრესთან" საუბრისას თამარ მოდებაძემ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თელავის რაიონულმა სამმართველომ მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 187-1 ნაწილით დაიწყო, რაც სხვისი ნივთის ან ქონების დაზიანებას გულისხმობს.უწყებაში აცხადებენ, რომ დამნაშავის დადგენის მიზნით, საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

მოდებაძეების ოჯახი მუხლის გადაკვალიფიცირებას ითხოვს, რადგან მათი თქმით, ნერგები დაზიანებული კი არა, მოპარულია.

Comments
Loading...