- Advertisement -

არჩილ ხანდამაშვილი: გვინდა, რომ გურჯაანი, სოფლის მეურნეობის მიმართულებით, კახეთის ცენტრი გახდეს

ქ. გურჯაანში, კურორტი „ახტალა“-ს ტერიტორიაზე ხილის ფესტივალი პირველად გაიმართა, რომელიც საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის ადმინისტრაციის, გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიისა და კახეთის რეგიონული განვითარების სააგენტოს ორგანიზებით ჩატარდა.

ხილის ფესტივალზე დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართეს: კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა – გუბერნატორმა – ირაკლი ქადაგიშვილმა, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ – სოლომონ პავლიაშვილმა, პარლამენტის მაჟორიტარმა – დეპუტატმა – დავით სონღულაშვილმა და გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერმა – არჩილ ხანდამაშვილმა.

„დღეს არის ნათელი მაგალითი, იმისა თუ რა შეუძლია სამხარეო ადმინისტრაციას, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიას და პარლამენტის წევრის ერთობლივ მუშაობას. ჩვენი ამოცანა და მიზანი არის, რომ ხელი შევუწყოთ პროდუქციის ექსპორტირებას და ორგანიზებულ რეალიზაციას. დღეს, კახეთში ატმისა და ვაშლატამის მიმართულებით შეიქმნა კონკურენტული გარემო, ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი,“- აღნიშნა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ სოლომონ პავლიაშვილმა.

„მეღვინეობა ხომ კახეთის სავიზიტო ბარათია და მეხილეობა, ასევე არანაკლებ მნიშვნელოვანი უნდა გახდეს, მითუმეტეს როცა გურჯაანი ყოველთვის ცენტრი იყო, როგორც ხილის ყველაზე დიდი მწარმოებელი მუნიციპალიტეტი. წელს, ხილის ფესტივალის ჩატარების პირველი მცდელობა გვაქვს და მოგმართავთ თხოვნით, ყველა მონაწილეს, რათა გაგვიზიაროთ თქვენი ხედვა და სურვილი, რომ კიდევ უფრო შინაარსიანი და კიდევ უფრო გრანდიოზული გავხადოთ შემდეგ წლებში ხილის ფესტივალი,“- აღნიშნა მხარის გუბერნატორმა მისასალმებელ სიტყვაში.

ხილის ფესტივალში მონაწილეობა მიიღეს ხილის ადგილობრივმა მწარმოებლებმა, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებმა, ბიზნეს სექტორის, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა.

„დღეს, პირველად ვმასპინძლობთ ხილის ფესტივალს გურჯაანში და ვფიქრობ, მომავალი წლიდან კიდევ უფრო მასშტაბურად მოხდება, როგორც ფერმერების წარმოდგენა, ასევე, მათი გამოცდილების გაზიარება. მსურს, დიდი მადლობა გადავუხადო თითოეულ მონაწილესა და მხარდამჭერს, რომლებმაც დღევანდელი დღე შექმნეს,“ – აღნიშნა გურჯაანის მაჟორიტარმა დეპუტატმა – დავით სონღულაშვილმა.

ფესტივალზე სპეციალურად მოწყობილ პავილიონებში კახელმა ფერმერებმა თავიანთი პროდუქცია განათავსეს, გაიმართა ხილის დეგუსტაცია, კაჭრეთის საზოგადოებრივი კოლეჯი „აისი“-ისა და თელავის ი. გოგებაშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის აგრარული ფაკულტეტის მიერ კი, ადგილზე მოეწყო საექსპერიმენტო გარემო.

„მას შემდეგ, რაც ასოცირების შეთანხმების სავაჭრო კომპონენტი ამოქმედდა, ევროკავშირის ბაზრის მიმართ ქართველი მეწარმეების ინტერესი სულ უფრო მეტად იზრდება. დიდია ინტერესი ხილის ექსპორტზე, რაც ჩვენი მუნიციპალიტეტისთვის ერთი-ორად ხელსაყრელია, მითუმეტეს, როცა გვინდა, რომ გურჯაანი სოფლის მეურნეობის მიმართულებით კახეთის ცენტრი გახდეს. ფერმერებს კი მსურს წარმატებები ვუსურვო, როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო ბაზარზე,“- განაცხადა გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერმა არჩილ ხანდამაშვილმა.

ხილის ფესტივალი რეგიონში პირველად გაიმართა, რომლის მიზანს ადგილობრივად წარმოებული ხილის პოპულარიზაცია, ფერმერთა მიერ წარმოებულ პროდუქციაზე ცნობადობის ამაღლება, სწორი კვებისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია წარმოადგენდა.

ხილის ფესტივალის ფარგლებში მოწვეულ ფერმერებსა და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებს, სამომავლო თანამშრომლობის კუთხით, მნიშვნელოვანი კავშირების დამყარებისა და კომუნიკაციის გაუმჯობესების საშუალება მიეცათ.

ფესტივალის დასასრულს, თითოეულ მონაწილე ფერმერს, სერტიფიკატები გადაეცა.

Comments
Loading...