- Advertisement -

აწყურისა და ივერის ღვთისმშობლის ხატები სამტრედიაში დააბრძანეს

დღეს ხონისა და სამტრედიის ეპარქიიდან სამტრედიის მუნიციპალიტეტში შემობრძანდა აწყურისა და ივერიის ღვთისმშობლის ხატები. საზეიმო დახვედრა შედგა მაცხოვრის შობის სახელობის ტაძრის მიმდებარე ტერიტორიიდან და მსვლელობა გაგრძელდა დავით აღმაშენებლის სახელობის საკათედრო ტაძრამდე. სასულიერო იერარქებთან და მრევლთან ერთად მსვლელობას მიუძღვებოდა სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერი ვალერი ფოცხვერია, მერის მოადგილე დავით ბახტაძე, საკრებულოს თავმჯდომარე კობა ძიძიგური და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები.

დღევანდელ დღესთან დაკავშირებით საკათედრო ტაძარში პარაკლისი გადაიხადა ხონისა და სამტრედიის მიტროპოლიტმა, მეუფე საბამ. სიწმინდეები საკათედრო ტაძარში ერთი კვირის განმავლობაში იქნება დაბრძანებული და მრევლს მათი მოლოცვის საშუალება ექნება.

სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, ასევე ხონისა და სამტრედიის ეპარქიის ჩართულობით, ეროსი მანჯგალაძის სახელობის კულტურის ცენტრში, დაგეგმილია ისტორიული, რელიგიური და პატრიოტული შინაარსის ფილმების ჩვენება. დასწრება თავისუფალია და ყოველი წირვის შემდეგ ამის შესაძლებლობა ნებისმიერ მსურველს ეძლევა.

Comments
Loading...