აჭარაში აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის ღონისძიებები და მოსახლეობასთან შეხვედრები მიმდინარეობს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა დამატების თარიღი 7 სექტემბერი, 2018 77 აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის ღონისძიებების მიმდინარეობასა და ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში არსებულ ვითარებას აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი ტიტე აროშიძე და აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის საკოორდინაციო შტაბის წევრები ადგილზე გაეცნენ. ქობულეთის სოფლებში, სადაც „მოიზიდე და გაანადგურე“ სადგურებია დამონტაჟებული, წამლობა ცივი შესხურების მეთოდით ხორციელდება, რაც ფერომონზე მოზიდულ მავნებელს სრულად ანადგურებს. „სახელმწიფო აგრძელებს მავნებლის საწინააღმდეგო ღონისძიებებს. მაქსიმალური შედეგების მისაღწევად მნიშვნელოვანია კოორდინირებული მიდგომა და მოსახლეობის ჩართულობა" – განაცხადა ტიტე აროშიძემ. მინისტრი საკოორდინაციო შტაბის წევრებთან ერთად ეწვია სოფელ თიკერს, სადაც ფერმერების საკარმიდამო ნაკვეთები დაათვალიერა. სპეციალისტებმა საკარმიდამო ნაკვეთში სადემონსტრაციოდ „მოიზიდე და გაანადგურე“ სადგური დაამონტაჟეს, მოსახლეობას მიაწოდეს დეტალური ინფორმაცია “მოიზიდე და გაანადგურე“ მეთოდის შესახებ და პრაქტიკულ მაგალითზე აუხსნეს მისი გამოყენების წესი. აღინიშნა, რომ მავნებელთან ბრძოლის ამ ეტაპზე მნიშვნელოვანია მოსახლეობის მიერ შეწამვლითი და მექანიკური ღონისძიებების გატარება. მოსახლეობის ინფორმირებულობის გაზრდის მიზნით, შეხვედრები მუდმივ რეჟიმში გაგრძელდება.