- Advertisement -

აჭარაში ანიმაციური ფილმების მეცხრე საერთაშორისო ფესტივალი “თოფუზი” მიმდინარეობს

ანიმაციური ფილმების მეცხრე საერთაშორისო ფესტივალი “თოფუზი” 5 ოქტომბერს ბათუმის თოჯინებისა და მოზარდმაყურებელთა თეატრში საზეიმოდ გაიხსნა,- ამის შესახებ ინფრომაციას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ავრცელებს. 

ფესტივალის ფარგლებში სხვადასხვა ღონისძიებები და ანიმაციური ფილმების ჩვენებები გაიმართა ხულოში, ქედასა და ქობულეთში. ფესტივალის მიზანია ქართული ანიმაციური ფილმწარმოების განვითარებაა საქართველოში და შემდეგ მისი ინტეგრაცია მსოფლიოში. ფესტივალის ფარგლებში იმართება როგორც საკონკურსო, ასევე, არასაკონკურსო ფილმების ჩვენებები.

საკონკურსო კატეგორიაში გასულ ფილმებს ორი ჟიური 6 კატეგორიაში შეაფასებს: საბავშვო ჟიური გამოავლენს გამარჯვებულს ნომინაციაში “საუკეთესო საბავშვო ფილმი”, საერთაშორისო ჟიური კი დაასახელებს გრანპრის მფლობელსა და გამარჯვებულებს ნომინაციებში: “საუკეთესო ფილმი უფროსებისთვის”, “საუკეთესო სტუდენტური ფილმი”, “ბავშვების მიერ შექმნილი საუკეთესო ფილმი”, “საუკეთესო დებიუტი” და “საუკეთესი ტელესერიალი”. გარდა ამისა, გამოვლინდებიან საუკეთესო რეჟისორი, საუკეთესო სცენარისტი, საუკეთესო მუსიკის ავტორი და საუკეთესო ტექნიკით შესრულებული ფილმი.

ფესტივალი გახსნა და მონაწილეებს მიესალმა აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი ინგა შამილიშვილი: „თოფუზი“ ის ფესტივალია, რომელიც სხვადასხვა თაობის მაყურებელს აერთიანებს და პოპულარიზაციას უწევს ისეთ მნიშვნელოვან მიმართულებას, რასაც ანიმაციური ფილმი ჰქვია. აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო უკვე მრავალი წელია ამ ფესტივალის პარტნიორი გახლავთ და განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია ის ფაქტი, რომ გარდა საფესტივალო ჩვენებებისა იგი საგანმანათლებლო ფუნქციასაც მოიცავს. სწორედ მის ფარგლებში დაარსდა ხულოს ანიმაციური ფილმების სტუდია, რომელმაც არაერთი ახალგაზრდა აზიარა ანიმაციის ხელოვნებას. წლევანდელი ფესტივალი ხულოში დაიწყო და აჭარასთან ერთად საქართველოს სხვა კუთხეებსაც მოიცავს. მინდა გზა დავულოცო ფესტივალს, წარმატება ვუსურვო თითოეულ მონაწილეს და დავძინო, რომ აჭარის მთავრობა მომავალშიც მიიღებს მონაწილეობას ფესტივალის ორგანიზებაში და ხელს შეუწყობს ახალგაზრდა თაობაში ანიმაციური ხელოვნების პოპულარიზაციას“.

ანიმაციური ფილმების საერთაშორისო ფესტივალ “თოფუზის” ორგანიზატორია ანიმაციის განვითარების ფონდი. ფესტივალი იმართება საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, ქალაქ ბათუმის მერიის, კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის, შპს „მიფასის“ მხარდაჭერით.
 

Comments
Loading...