- Advertisement -

აჭარაში სახანძრო უსაფრთხოების სფეროში 320 ადამიანი გადამზადდება

აჭარაში სახანძრო უსაფრთხოების მიმართულებით სასტუმრო სექტორის პერსონალის გადამზადება დაიწყო. აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის მიერ ორგანიზებული ღონისძიება სასტუმრო ჰილტონში გაიმართა. შეხვედრას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე, ფინანსთა ეკონომიკის მინისტრი რამაზ ბოლქვაძე, აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის უფროსი სულხან ღლონტი და საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს აჭარის სამმართველოს უფროსი, ირაკლი თოიძე დაესწრნენ. სასტუმრო სექტორში უსაფრთხოების ტრენინგი 27 მარტს დაიწყო და ეტაპობრივად, აჭარაში მოქმედი 80-მდე განთავსების ობიექტის 320 ადამიანის გადამზადებას მოიცავს.

ზურაბ პატარაძის თქმით, აჭარაში ქვეყნის მასშტაბით ყველაზე მეტი განთავსების ობიექტია, მზარდია მოთხოვნა ახალი სასტუმროების მშენებლობაზეც, შესაბამისად, უსაფრთხოების მიმართულებით დამატებითი ღონისძიებების განხორციელება უმნიშვნელოვანესია.

,,ძალიან მნიშვნელოვანია დღევანდელი ინიციატივა. ტურიზმის დეპარტამენტის ორგანიზებით აჭარაში დაიწყო გადამზადება ტოპ-მენეჯერების, მათ შორის ტექნიკური პერსონალის, რათა ამ მიმართულებით იყოს მეტი ჩართულობა, მეტი მომზადება, მეტი პრევენცია. აჭარის მთავრობა, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი გააკეთებს ყველაფერს იმისთვის, რათა მოხდეს დროული გადამზადება. ეს არის ძალიან წარმატებული პროექტი და ის ხელს შეუწყობს სერვისების განვითარებას, იქნება მეტი ჩართულობა ჩვენი თანამშრომლების და მეტი მომზადება რათა ჩვენ ვიყოთ მაქსიმალურად დაცულები. მსგავსი პროექტები ტურისტულ რეგიონში ხელს შეუწყობს როგორც სერვისების განვითარებას, ისე უსაფრთხოების გაზრდას"-აღნიშნა ზურაბ პატარაძემ.

ტრენინგი ჩატარდება 16 ჯგუფისთვის და მასში ჩართული იქნება როგორც სასტუმროს მენეჯერები, ისე ტექნიკური მენეჯერები და თანამშრომლები. ტრენინგების თემატიკა მოიცავს შრომის და სახანძრო უსაფრთხოების წესების, რისკფაქტორების, საგანგებო სიტუაციების მართვის და მათი შეფასების საკითხებს. სასტუმროს მენეჯერების და პერსონალის გადამზადება ერთდღიან ტრენინგს მოიცავს. 4 დღიანი თეორიული და პრაქტიკული გადამზადების კურსები ჩაუტარდებათ განთავსების ობიექტების ტექნიკური პერსონალს.

აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, რეგიონში მოქმედი განთავსების და კვების ობიექტების პერსონალისთვის ყოველწლიურად სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის, უსაფრთხოების სფეროში უფასო გადამზადების კურსებს ატარებს.

Comments
Loading...