- Advertisement -

აჭარის დელეგაციამ ვროცლავში გამართულ საერთაშორისო ტურისტული გამოფენის გახსნის ცერემონიალში მიიღო მონაწილეობა

პოლონეთის რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში აჭარის დელეგაციამ ვროცლავში გამართულ საერთაშორისო ტურისტული გამოფენის გახსნის ცერემონიალში მიიღო მონაწილეობა. ღონისძიებაზე მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ. ზურაბ პატარაძემ სიტყით გამოსვლისას აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკასა და ქვემო სილეზიას შორის თანამშრომლობაზე, უკვე განხორციელებულ პროექტებსა და სამომავლო თანამშრომლობის გეგმებზე ისაუბრა. პოლონეთში ერთ-ერთ ყველაზე ხალხმრავალ გამოფენაზე, ვიზიტორები აჭარის ტურისტული პროდუქტებითა და რეგიონში მოგზაურობით დაინტერესდნენ. გამოფენაზე ვიზიტორების განსაკუთრებული ყურადღება კი ეკოტურისტულ, სამთო და კულინარიულ მარშრუტებზე გაკეთდა.

გამოფენაზე აჭარის ტურისტული პოტენციალის შესახებ სპეციალური სტენდი მოეწყო. სტენდი აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ სილეზიის სავოევოდოს მარშალთან ერთად მოინახულა. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი წელსაც გააგრძელებს სარეკლამო და პიარ ღონისძიებებს პოლონეთში და წლის ბოლომდე ორ გამოფენაში მიიღებს მონაწილეობას. ვროცლავის საერთაშორისო ტურისტული გამოფენა ყველაზე მასშტაბური ტურისტული ღონისძიებაა ქვემო სილეზიაში. გამოფენა პირველად 2009 წელს ჩატარდა და მან ყოველწლიური სახე მიიღო.

გამოფენის შემდეგ აჭარის ა.რ. მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ ადგილობრივი მედიის კითხვებს უპასუხა. მედიის დაინტერესება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკით საკმაოდ მაღალია. ინტერესის სფერო ტურიზმის გარდა ჩვენი რეგიონის საინვესტიციო პოტენციალია. აჭარის სანაპირო ზოლი, ტურიზმი და ახალი მიმართულებები, სამთო-სათხილამურო კურორტები, გოდერძი და გომარდული, სოფლის მეურნეობის დარგში დაგეგმილი პროექტები, ბათუმის პორტი და ტვირთების ტრანზიტი – ამ და სხვა თემებზე ზურაბ პატარაძემ პოლონურ მედიას ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა.

აჭარის დელეგაციას პოლონეთის რესპუბლიკაში წარმოადგენენ აჭარის ა.რ. ფინანსთა და ეკონიმიკის მინისტრი რამაზ ბოლქვაძე, ქალაქ ბათუმის მერი ლაშა კომახიძე, აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის თავმჯდომარე სულხან ღლონტი და აჭარის ა.რ. მთავრობის აპარატის პროტოკოლის დეპარტამენტის უფროსი ირაკლი ბერიძე. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის მთავრობის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცლებს. 

Comments
Loading...