- Advertisement -

აჭარის მთავრობა: “ნაცმოძრაობას” სურს ხეების გადატანის საკითხი ხელოვნურად აქციოს აჟიოტაჟის საგნად

დღეს "ნაციონალურმა მოძრაობამ" აჭარის მთავრობის სახლთან აქცია-პერფორმანსი გამართეს. ოპოზიციის გარდა პროტესტს შეუერთდნენ ადგილობრივები და არასამთავრობო ორგანიზაციის წევრები. ისინი ამბობენ, რომ მიუღებელია "ეკოლოგიას ასე დაუდევრად მოექცნენ." ოპოზივიის განცხადებით კი ეს არის იმ მაშტაბური პროტესტის დასაწყისი, რომელიც დაასრულებს აჭარაში ხეების გადატანის პროცესს ბიძინა ივანიშვილის მიერ. 

აღნიშნულ აქციას აჭარის მთავრობაშიც გამოეხმაურენ. 

"გვსურს გამოვეხმაუროთ აჭარის მთავრობის სახლთან დღეს გამართულ აქციას, რომელიც ერთი კონკრეტული პარტიის ინტერესებს ემსახურებოდა. კიდევ ერთხელ ვაცხადებთ, რომ ხეების გადატანა ხორციელდება კანონის ფარგლებში. მათი უმეტესი ნაწილი კერძო მესაკუთრეებსა და კომპანიებს შორის მოლაპარაკების გზით ხდება. კომპანიებს აქვთ ვალდებულება მოახდინონ აღნიშნული ტერიტორიების რეკულტივაცია, რასაც აჭარის მთავრობა, საზოგადოების ინტერესებიდან გამომდინარე, სრულ მონიტორინგს გაუწევს. ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, გამზადებულია ახალი ნარგავები, წესრიგდება ირგვლივ არსებული ინფრასტრუქტურა, პროცესში ჩართულები არიან დარგის საუკეთესო სპეციალისტები.

გარდა ამისა, მწვანე კონცხის მიმდებარე ტერიტორიაზე ხორციელდება უპრეცედენტო ინვესტიცია, შენდება ულტრათანამედროვე 5 ვარსკვლავიანი სასტუმრო. მოეწყობა საბაგირო და ზღვისპირა ინფრასტრუქტურა, რომელიც იქნება საზოგადოებრივი გამოყენების და აღნიშნულით სარგებლობა ყველას შეეძლება.

ნაციონალურ მოძრაობას სურს ხეების გადატანის საკითხი ხელოვნურად აქციოს აჟიოტაჟის საგნად, მაშინ როცა სწორედ მათი ხელისუფლებაში ყოფნის დროს გაიჩეხა ასეულობით ჰექტარი ხე-ტყე და განადგურდა სარეკრეაციო ზონები", – აღნიშნულია განცხადებაში. 

Comments
Loading...