- Advertisement -

აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრს, აჭარის უმაღლეს საბჭოს პლენარულ სხდომაზე მოუსმინეს

„მინისტრის საათის“ ფორმატში – აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრს, აჭარის უმაღლეს საბჭოს პლენარულ სხდომაზე მოუსმინეს. სიტყვით გამოსვლისას გიორგი სურმანიძემ 2020 წელს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მუშაობა შეაჯამა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.

მინისტრის განცხადებით, აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრომ 2020 წლის ბიუჯეტი 96 %-ით შეასრულა.
2021 წლის ბიუჯეტი გვაძლევს საშუალებას, რომ შევინარჩუნოთ ის ძირითადი პროგრამები, რომლებიც იძლევა შედეგებს და საფუძველია, გვქონდეს ზრდა სოფლის მეურნეობაში.

“განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდება აჭარაში წარმოებული ბიოპროდუქციის პოპულარიზაციაზე, განხორციელდება სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისა და ფერმერული მეურნეობების განვითარების ხელშეწყობა, გაუმჯობესდება რეგიონის პერსპექტიულ დარგებში (მეციტრუსეობა, მეხილეობა, მევენახეობა, მეთამბაქოეობა, მებოსტნეობა და სხვა) დასაქმებულთა სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა”-განაცხადა გიორგი სურმანიძემ.
მისივე განცხადებით, გაგრძელდა ფერმერთა და მეწარმეთა ცოდნის ამაღლების უზრუნველყოფა, ექსტენციის ქსელის უფასო საკონსულტაციო დახმარება, რომელიც ყველა მუნიციპალიტეტში ხორციელდება.
“სოფლად მეწარმეობის განვითარების ხელშეწყობა, რომლის ფარგლებშიც დაფინანსდება, 15-ზე მეტი წარმატებული პროექტი, როგორც პირველადი წარმოების, ასევე გადამუშავება-შენახვა-რეალიზაციის მიმართულებით.
გაგრძელდა სოფლის მეურნეობაში ჩართული ფერმერებისთვის სასოფლო-სამეურნეო სახნავ-სათესი ფართობების უსასყიდლოდ დახვნა. დღეის მდგომარეობით, რეგიონის ხუთივე მუნიციპალიტეტში უკვე დამუშავებულია 1400 ჰა მიწის ფართობი. გაერთიანებებისა და საოჯახო მეურნეობების განვითარების ხელშეწყობის ფარგლებში დაფინანსდება 300-მდე სასოფლო-სამეურნეო გაერთიანებებისა და მცირე საოჯახო მეურნეობების მიერ წარმოდგენილი პროექტები.
გაძლიერდება ლაბორატორიული კვლევითი მომსახურება და სურსათის უვნებლობის, ცხოველთა ჯანმრთელობისა და ფიტოსანიტარიული კონტროლის მიზნებისათვის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი კვლევების (ტესტირების) წარმოება. გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვა, ადამიანის ჯანმრთელობის უვნებელი გარემოს შენარჩუნება წარმოადგენს მნიშვნელოვან პრიორიტეტს”-განაცხადა მინისტრმა.
გიორგი სურმანიძემ ასევე ხაზი გაუსვა, სამელიორაციო ინფრასტრუქტურის განვითარებას, სარწყავი და სადრენაჟე სისტემების რეაბილიტაციას, რასაც მაქსიმალური ყურადღება დაეთმობა.

Comments
Loading...