- Advertisement -

ახალგაზრდა ადვოკატები: ჩვენი მოთხოვნაა “ლაზიკა კაპიტალი” დაზარალებულად სცნონ

ორგანიზაცია "ახალგაზრდა ადვოკატებმა" ზუგდიდში მიკროსაფინანსო ორგანიზაცია "ლაზიკა კაპიტალის" საქმესთან დაკავშირებით კვლევა წარმოადგინა. ორგანიზაციის მტკიცებით, მომდინარე გამოძიება გამჭვირვალე არ არის, პროკურატურა მიკერძოებულია და ფინანსური დანაშაულის დაუყოვნებლივ გამოძიებას მოითხოვს.

მათი თქმით, საქმის კვლავ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის სამეგრელო-ზემო სვანეთში დაბრუნება და იგივე პირების გამოძიებაში მონაწილეობა, ვის მიმართაც მხარეს პრეტეზიები ჰქონდა, საქმეზე სანდო საგამოძიებო მოქმედებების წარმართვასა და მიუმხრობელი გამოძიების პრინციპებს არღვევს.

„ჩვენი მოთხოვნაა პროკურატურამ მიიღოს პრინციპული გადაწყვეტილებები.

„ლაზიკა კაპიტალი“ ცნობილ იქნეს დაზარალებულად. ყალბი სესხები საქმეზე, თუ რომელიმე პირის პასუხისგებაში მიცემა უნდა მოხდეს, მათთან ერთად პასუხი უნდა აგონ ყალბი სესხების მიმღებებმაც. ეს არის ხელისუფლების მხრიდან დარტყმა ბიზნესზე“,, – აღნიშნა ორგანიზაციის ხელმძღვანელმა არჩილ კაიკაციშვილმა.

მისივე თქმით, საქმის პროკურატურიდან ფინანსთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამმართველოში დაბრუნება და იმავე პროკურორისა და გამომძიებლის დანიშვნა მიუმხრობელი გამოძიების პრინციპებს არღვევს.

ორგანიზაციის მტკიცებით, არ არსებობს დამაჯერებელი არგუმენტები იმის შესახებ, რატომ ფერხდება გამოძიება და მფარველობენ თუ არა საჯარო მოხელეები დანაშაულთან შესაძლოდ დაკავშირებულ პირებს.

კვლევის პრეზენტაციაზე იმყოფებოდა „ლაზიკა კაპიტალის“ გენერალური დირექტორი და ერთ-ერთი აქციონერი ბესიკ შენგელია.
„ აღნიშნული ფაქტით ბიზნესის ინტერესები ფეხქვეშ ითელება. არსებობს გამოკვეთილი მტკიცებულებები, რომელსაც სამართლებრივი შეფასება სჭირდება. საუბარია 800 000 ლარის თანხასა და მორალურ ზიანზე“, – აღნიშნა შენგელიამ.

ორგანიზაციამ სს „ლაზიკა კაპიტალის“ საქმეზე კვლევა 2017 წლის ივნისში წარადგინა. საქმეს სახალხო დამცველის აპარატი აკვირდება.

Comments
Loading...