- Advertisement -

ახმეტის მერი: დაზიანებული ყურძნის ფასი 40-50 თეთრი იქნება

ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფლებში სტიქიისგან დაზიანებულ ყურძენს გლეხები დილიდან კრეფენ. ყურძნით დატვირთული პირველი მანქანა კი ახმეტის ღვინის ქარხანაში რამდენიმე წუთის წინ შევიდა. მუნიციპალიტეტის მერის ინფორმაციით, ხელისუფლება ერთგვარი შუამავალი იქნება ფერმერებსა და ქარხნებს შორის, დაზიანებული ყურძნის ფასი კი 40-50 თეთრი იქნება.

,,ჩვენ აქტიურად ვართ ჩართულნი ყურძნის ჩაბარების პროცესში. სოფლებში გლეხებმა დილიდან დაიწყეს ყურძნის კრეფა და დაზიანებული მოსავლის ჩაბარება უპრობლემოდ შეუძლიათ ახმეტის ღვინის ქარხანაში. რაც შეეხება საზამთროს ბაღებს, მინდა გითხრათ, რომ სეტყვამ საზამთროს გაცილებით ნაკლები ზიანი მიაყენა.,,- განუცხადა ,,აიპრესს,, ახმეტის მუნიციპალიტეტის მერმა, იოსებ ქარუმაშვილმა.

ძლიერმა სტიქიამ, სასოფლო-სამეურნეო სავარგულებთან ერთად, რამდენიმე საცხოვრებელი სახლიც დააზიანა. მერიაში აცხადებენ, რომ სპეციალურმა კომისიამ სახლების მდგომარეობა შეისწავლა და სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის საჭირო თანხა ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოიყოფა. 

"სტიქიამ დაახლოებით 7-8 სახლი დააზიანა, კომისია იმყოფებოდა ადგილზე, შევისწავლეთ დაზიანებების სიმძიმე. ბიუჯეტში სპეციალურად ასეთი შემთხვევებისთვის გამოყოფილი გვაქვს თანხა და სწორედ,მას დახარჯავთ სარეაბილიტაციო სამუშაოებში. რაც შეეხება მიყენებული ზარალის ზუსტ ოდენობას, ამ ეტაპზე მიჭირს თქმა, რადგან კომისიებს მუშაობა ჯერ კიდევ არ დაუსრულებიათ.,, – განაცხადა ქარუმაშვილმა.

Comments
Loading...