- Advertisement -

ბათუმის არქეოლოგიურ მუზეუმში პროექტის “ქალები ქვიშიდან” შემაჯამებელი ღონისძიება ჩატარდა

აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს თავისუფალი პროექტების მხარდაჭერის კონკურსის გამარჯვებული პროექტის ,,ქალები ქვიშიდან“ ფარგლებში, მიმდინარე წლის 14 ნოემბერს ქ. ბათუმის არქეოლოგიურ მუზეუმში მოეწყო პროექტის შემაჯამებელი ღონისძიება.

პროექტის მიზანი იყო მუზეუმში გამოფენილი არქეოლოგიური და ეთნოგრაფიული მასალის საფუძველზე ქალთა ყოფასა და საქმიანობასთან დაკავშირებული სცენების რეკონსტუქცია. კლასიკური პერიოდის კოლხეთში მცხოვრები კოლხი და ელინი ქალების სამი ვიზუალური პორტრეტის შესაქმნელად დამზადდა მუზეუმში დაცული, მათთან დაკავშირებული ნივთების (მინისა და თიხის სანელსაცხებლები, პიქსიდა, სამკაული, სარკე, თიხის პირამიდული საწაფები დაზგისათვის, სათევზაო ბადის საწაფები, იხთია) ასლები, ასევე, ეპოქის გადმოსაცემად შეიქმნა შესაბამისი გარემო, კერძოდ: სკამი „კლიზმოსი“, მაგიდა „ტრაპეზა“, ვერტიკალური საქსოვი დაზგა, ბადე, სამოსი.
პროექტის ფარგლებში შეიქმნა ვიდეოფილმი, რომელშიც გადმოცემულია ანტიკურობაში შექმნილი ნივთების შემდგომი განვითარებისა და მათი დანიშნულების, ყოფაში გამოყენების ისტორია.

საგანმანათლებლო პროექტის ავტორია ბათუმის არქოლოგიური მუზეუმის მეცნიერთანამშრომელი ნინო ძნელაძე. პროექტის განხორციელებაში ჩართული იყო არქეოლოგიური მუზეუმის თანამშრომლები და სკოლის მოსწავლეები. პროექტის ფარგლებში შექმნილი ვიზუალური მასალა გადაეცემა ქ. ბათუმის არქეოლოგიურ მუზეუმს.

 

Comments
Loading...