- Advertisement -

ბათუმის ახალი ესტაკადის მშენებლობის გამო ქალაქში მუდმივ საცობებია (ფოტოები)

ბათუმის ახალი ესტაკადის მშენებლობის გამო რამდენიმე თვეა, ქალაქიდან გასვლა მახინჯაურის მიმართულებით, მხოლოდ შემოვლითი გზითაა შესაძლებელი, რაც მუდმივ საცობებსა და ქალაქში დისკომფორტს ქმნის.

"საცხოვრებელი ადგილიდან გამომდინარე ყოველ დღე მიწევს ამ ტერიტორიის გავლა, რა დროსაც არ უნდა გამოვიდე მაინც სულ ვაგვიანებ სამსახურში ისეთი საცობებია. მოუწესრიგებელია მუნიციპალური ტრანსპორტის გრაფიკიც და პირობებიც, აქედან გამომდინარე არაკომფორტულადაც ვმგზავრობთ. დიდი ხანია იძახიან დასრულდებაო, მაგრამ როგორც ხედავთ არ მოხერხდა აქამდე, თან უკვე ზაფხულია და ტურისტული სეზონი." – განუცხადა "აიპრესს" ნათია დუმბაძემ.

როგორც აჭარის მთავრობაში განმარტავენ ივლისის პირველი რიცხვებიდან ავტოტრანსპორტისთვის პორტის მიმდებარედ ბაქოს ქუჩაზე მოძრაობა ორმხრივად ვადაზე სამი თვით ადრე გაიხსნება.

„რეკორდულ დროში ძირითადი სამუშაოები დამთავრებულია. ჩვენი მიზანი იყო პროექტი სეზონამდე დასრულებულიყო და ესტაკადის ტექნიკური გახსნა ივლისის დასაწყისში იგეგმება, რაც იმას ნიშნავს, რომ ბათუმში შემოსვლა და გასვლა ავტოტრანსპორტით უკვე იქნება კომფორტული“-განაცხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ.

ესტაკადის მშენებლობის აუცილებლობა პორტის მიმდებარედ არსებულმა სარკინიგზო ხაზმა განაპირობა, რომელიც დღის განმავლობაში რამდენჯერმე იკეტებოდა და საავტომობილო საცობს ქმნიდა. ახალი ესტაკადა კი პროექტის მიხედვით 4 ზოლიანი გადასასვლელი იქნება და ბაქოს ქუჩას საცობებისგან განტვირთავს, რადგან ხიდი ბათუმის პორტისკენ ტვირთების გატარების პროცესსაც უზრუნველყოფს.


ესტაკადა ბაქოს ქუჩაზე 18 წლის წლის წინ აბაშიძის მმართველობის დროსაც არსებობდა. თუმცა მაშინ არსებული ხიდი ამორტიზაციისა და საბორნე გადასასვლელის ფუნქციონირებისთვის ხელშეშლის მიზნით დაანგრიეს. მას შემდეგ ბათუმში შესვლა, მხოლოს რკინიგზის გადაკვეთით იყო შესაძლებელი.

ახალი პროექტის მისი წინამორბედისგა განსხვავებით უფრო მაშტაბურია. 800 მეტრი სიგრძის ესტაკადა 44 მეტრი სიგრძის ხიდს მოიცავს, მისი სიმაღლე 8 ნახევარი მეტრია, პარალელურად კი პროექტის ღირებულებაში 5 დამხმარე გზის მოწყობაც შედის. მათი კეთიმოწყობის სამუშაოები, რომელიც სექტემბრის ჩათლით გაგრძელდება, ავტოტრანსპორტის მოძრაობას ხელს არ შეუშლის. ახალი ესტაკადის მშენებლობისთვის აჭარის ბიუჯეტიდან 15 მილიონი ლარი დაიხარჯება. პროექტის განხორციელება თებერვალში დაიწყო და სამუშაოებს კომპანია "კავკასუს როუდ პროჯექტი" ახორციელებს.

Comments
Loading...