- Advertisement -

ბათუმის ბიუჯეტის თითქმის ნახევარი, 74 მილიონი ლარი ქალაქში ინფრასტრუქტურულ პროექტებს მოხმარდება

17 ხმით 6-ის წინააღმდეგ ბათუმის 2018 წლის ბიუჯეტი 153 მილიონ 774 ათასი ლარით განისაზღვრა. ბიუჯეტის თითქმის ნახევარი, 74 მილიონი ლარი ქალაქში ინფრასტრუქტურულ პროექტებს მოხმარდება, 13 მილიონი ჯანდაცვის პროგრამებს, 14 მილიონი განათლებას, 12 მილიონი კი კულტურის მიმართულებით განისაზღვრა.

გასულ წელთან შედარებით ბიუჯეტი 13 მილიონით არის შემცირებული, თუმცა საფინანსო და ეკონომიკის სამსახურში აცხადებენ, რომ შემცირება ფინანსური დახმარების ხარჯზე მოხდა. აჭარის მთავრობიდან და ცენტრალურიბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხების ხარჯზე შესაძლოა გასულ წელთან შედარებით მაჩვენებელი კიდევ უფრო გაიზარდოს. შემცირებულ ბიუჯეტს კრიტიკული შენიშვნები მოჰყვა ოპოზიციაში. საკრებულოს დეპუტატებმა მმართველ გუნდს პრიორიტეტები დაუწუნეს და ბიუჯეტს მხარი არ დაუჭირეს. 

ბათუმის მთავარი ფინანსური დოუმენტის დამტკიცების საკითხი საკრებულოში მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის ისევ ურთიერთდაპირისპირების ფონზე მიმდინარეობდა. ნაციონალური მოძრაობის წევრებმა მათი მმართველობის დროს ოპტიმალურად გათვლილი ბიუჯეტი გაიხსნენეს და მიხეილ საკაშვილი ღირსეულ ლიდერად აღიარეს. მმართველმა გუნდმა კი ოპოზიციას ადამიანების უკანონო დევნა შეახსენა, რასაც საკრებულოში ურთიერთ შელაპარაკება მოჰყვა. 

ოპოზიციის გარდა შენიშვნები ჰქონდა საკრებულოსთან არსებულ სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს სპიკერსაც. თეონა დიასამიძის განცხადებით "მერის მრჩეველთა საბჭოს არსებობის შემთხვევაში დაუსაბუთებელია ახალი მონაწილეობის მექანიზმის შემოღება, მითუფრო 33 000 ლარის გამოყოფა მაშინ როცა მერიამ მრჩეველთა საბჭოს გაძლიერებასა და ეფექტურობის გაზრდაზე უნდა იმუშაოს." საფინანსო საბიუჯეტო კომისიის ხელმძღვანელმა კი შენიშვნების შესახებ აღნიშნულთან დაკავშირებით ოფიციალური მიმართვა მოითხოვა.

ბათუმის მერი არ გამორიცხავს რომ 2018 წელს ბიუჯეტის პრიორიტეტების ნაწილი შეიცვალოს, ამის მიზეზად კი ლაშა კომახიძე არჩევნებიდან გამომდინარე საბიუჯეტო განხილვებში მოგვიანებით ჩართვას ასახელებს.

Comments
Loading...