- Advertisement -

ბათუმის ესტაკადა ორი თვით ადრე გაიხსნა

პროექტის დასრულება სექტემბრისთვის იგეგმებოდა, თუმცა გადასასვლელი ხიდი ავტომანქანებისთვის ტურისტული სეზონისთვის გაიხსნა. შესაბამისად
დღეიდან ქალაქში პორტის გავლით შესვლა-გამოსვლა რკინიგზის გადაკვეთისა და საცობების გარეშე იქნება შესაძლებელი.

ესტაკადის მშენებლობა აჭარის ყოფილმა თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ დაიწყო, თუმცა ის დღეს როგორც მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი გახსნის ოფიციალურ ცერომონიალს არ ესწრებოდა. თუმცა ცერემონიაზე სპეციალურად ჩამოვიდა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი. მინისტრმა ესტაკადა ბათუმის მერთან ლაშა კომახიძესთან და აჭარის ეკონომიკის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელ რამაზ ბოლქვაძესთან ერთად გახსნა.

„ამ ადგილზე მუდმივად იყო საცობი. ეს ესტაკადა იქნება უდიდესი შეღავათი პირველ რიგში ბათუმელებისთვის და ასევე ქალაქის სტუმრებისთვის. გარდა ამისა, ესტაკადა მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს ტვირთბრუნვის პროცესს ბათუმის პორტში”, – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

პროექტი აჭარის ბიუჯეტს 15 მილიონ 297 ათასი ლარი დაუჯდა, ხიდის გარდა პროექტი ნავსადგურისა და ესტაკადის ფუნქციონირებისთვის აუცილებელი 5 დამხმარე გზის მშენებლობასაც ითვალისწინებს. აჭარის მთავრობის მიერ გავრცელებული ინფორმაცით, დამხმარე გზები ტვირთბრუნვის ეფექტურობას გაზრდის. ბათუმის ესტაკადის სიგრძე 800 მეტრს შეადგენს.

დღეს ესტაკადის გახსნაზე საქართველოს პრემიერ მინისტრსაც ელოდნენ, თუმცა მამუკა ბახტაძე სვანეთში განვითარებული მოვლენების გამო ღონისძიებას ვეღარ დაესწრო.

Comments
Loading...