- Advertisement -

ბათუმის მერიაში “ა” და “ბ“ წყალარინების კოლექტორების რეაბილიტაციის ხელშეკრულებას ხელი მოეწერა

ბათუმის მერიაში ხელი მოეწერა ხელშეკრულებას, რომელიც ,,ა“ და ,,ბ“ წყალარინების ცენტრალური კოლექტორების დარჩენილი ნაწილის რეაბილიტაციას ითვალისწინებს. 

ხელშეკრულების ფარგლებში რეაბილიტაცია ჩაუტარდება ტბელ აბუსერიძის ქუჩაზე 400 გრძივი მ. და ბაგრატიონის ქუჩაზე 1100 გრძივი მ. სიგრძის მილებს. ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ მოსამზადებელი სამუშაოები განხორციელდება, ოქტომბრიდან კი, კონკრეტული სამუშაოები ადგილზე დაიწყება. 

,,ჩვენი ქალაქისთვის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მივიღეთ. ხელი მოვაწერეთ ხელშეკრულებას, რომლის თანახმად ,,ა“ და ,,ბ“ წყალარინების ცენტრალური კოლექტორების დარჩენილი ნაწილის რეაბილიტაცია მიმდინარე წელს დაიწყება და 2019 წელს დასრულდება, რის შემდეგაც ქალაქის მასშტაბით ყველა თვითდენითი კოლექტორი სრული დატვირთვით იმუშავებს. KfW-ს პროექტის ფარგლებში მთელი ქალაქის მასშტაბით ხორციელდება მსხვილი ინფრასტრუქტურული სამუშაოები წყლისა და წყალარინების სისტემის მოწესრიგების კუთხით. რა თქმა უნდა, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტები. KfW-ს პროექტის ფარგლებში სამუშაოები ყველა მიმართულებით სწრაფი ტემპით მიმდინარეობს. უკვე ხელი მოეწერა ხელშეკრულებას სანიაღვრე წყლების სატუმბი სადგურის მშენებლობაზე. ეს პროექტები მაღალი ტემპებით მიმდინარეობს და მათი დასრულების შემდეგ ქალაქში მნიშვნელოვანი პრობლემები გადაწყდება“ – აღნიშნა ლაშა კომახიძემ.

კოლექტორების რეაბილიტაცია 2019 წლის IV კვარტალში დასრულდება, რითაც ქალაქის მასშტაბით წყალარინების ცენტრალური გადამცემი კოლექტორების რეაბილიტაციის პროცესი მთლიანად დასრულდება. შედეგად, ქალაქში არსებული ყველა თვითდენითი კოლექტორი სრული დატვირთვით იმუშავებს. პროექტი ბათუმის კომუნალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროექტის III ფაზის ფარგლებში ხორციელდება და KfW-ს მიერ 2,8 მლნ. ევროთი ფინანსდება.

Comments
Loading...