- Advertisement -

ბათუმის პორტში ნატოს სამხედრო ხომალდებს საზეიმო დახვედრა მოუწყვეს

ნატოს სამხედრო ხომალდების ხელმძღვანელობას საზეიმო დახვედრა მოუწყეს ბათუმის პორტში. სამხედრო დელეგაციას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე და შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები დახვდნენ.

ბათუმის ნავსადგურში ალიანსის სხვადასხვა ქვეყნის დროშის ქვეშ მცურავი ოთხი ხომალდი დღეს შემოვიდა. დელეგაციას ნატო-ს გაერთიანებული საზღვაო ძალების სარდლის მოადგილე, ვიცე-ადმირალი ერვი ბრეჟონი ხელმძღვანელობს.

''ძალიან მნიშვნელოვანია უშუალოდ ქალაქ ბათუმში, ჩვენს ქვეყანაში ნატოს ალიანსის გემების შემოსვლა შავი ზღვის აკვატორიაში. ხაზგასმით აღსანიშნავია რომ ნატოს ალიანსის ეს უკვე მესამე ვიზიტია. ეს ნიშნავს მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციისთვის. დარწმუნებული ვარ ეს და სხვა მნიშვნელოვანი ვიზიტები ხელს შეუწყობს რეგიონალურ და მთლიანად ქვეყნის უსაფრთხოებას. მინდა ავღნიშნო რომ ძალიან ნაყოფიერი ვიზიტი იქნება. ამავდროულად გემის ეკიპაჟის წევრებს საშუალება ექნებათ დაათვალიერონ ჩვენი ქალაქი, გაეცნონ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს. ზოგადად მიიღონ საჭირო ინფორმაცია და დაესწრონ სხვადასხვა მნიშვნელობან ღონისძიებას’’, – განუცხადა "აიპრესს" აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ.

დღეს ვიცე-ადმირალს შს მინისტრი გიორგი მღებრიშვილი შეხვდება და გაიმართება ერთობლივი პრესკონფერენცია.

ნატო-ს მუდმივმოქმედი მეორე ნაღმსაწინააღმდეგო შენაერთების ხომალდები ნავსადგურში 6 ნოემბრამდე დარჩებიან. ქართველ კოლეგებთან დაგეგმილია სამხედრო სწავლებებში მონაწილეობა. ვიზიტის ფარგლებში ალიანსის სამხედრო მოსამსახურეები ბათუმის ღირშესანიშნაობებს დაათვალიერებენ და მონაწილეობას მიიღებენ სხვადასხვა ღონისძიებებში.

ნატო-ს მუდმივმოქმედი მეორე ნაღმსაწინააღმდეგო შენაერთი საქართველოს უკვე მესამედ სტუმრობს.

Comments
Loading...