- Advertisement -

ბათუმის საფეხბურთო სტადიონის მშენებლობის ტენდერი გამოცხადდა

სტადიონის მშენებლობის ტენდერი 19 ოქტომბერს გამოცხადდა. განცხადებების მიღება 16 ნოემბერს დაიწყება და 21 ნოემბერს დასრულდება. მშენებლობის სავარაუდო ღირებულება 101 700 000 ლარს შეადგენს.

ტენდერი ქალაქ ბათუმში, ყოფილი მანქანათმშენებელი ქარხნის ტერიტორიაზე 20 000 მაყურებელზე გათვლილი UEFA-ას IV კატეგორიის საფეხბურთო სტადიონის სამშენებლო სამუშაოების შესყიდვას ითვალისწინებს.

სტადიონი ბუნებრივსაფარიანი იქნება. საფეხბურთო სტადიონი ყოფილი მანქანათმშენებლის ტერიტორიაზე, 8 ჰექტარზე განთავსდება.

სტადიონის შენობა ღამით საქართველოს, აჭარის და ბათუმის დინამოს დროშის, ასევე საქართველოსა და აჭარის გერბის ფერების მიხედვით განათდება.

სტადიონს რამდენიმე შესასვლელი ექნება: ავტობუსების, მოთამაშეების, VIP და მედიის. ტერიტორიაზე დაახლოებით 1200-ზე მეტ მანქანაზე გათვლილი პარკინგი მოეწყობა.

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი რამაზ ბოლქვაძე შპს „სტადიონის“ დირექტორთან სულხან ხალვაშთან ერთად იმ ტერიტორიასთან იმყოფებოდა, სადაც მალე საერთაშორისო სტადიონი უნდა აშენდეს. ადგილზე ასევე ბათუმის “დინამოს“ პრეზიდენტი ოთო ფედიჩკინი და ფეხბურთის ფანკლუბის წევრები იმყოფებოდნენ. მინისტრს სტადიონის პროექტის განხორციელებაში ჩართულმა მხარეებმა მიმდინარე ეტაპის შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს.

Comments
Loading...