- Advertisement -

ბათუმის შოთა რუსთაველის უნივერსიტეტში საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა

"საქართველო უძველესი მეტალოგენური კერა, უახლესი აღმოჩენები, კონტაქტები აღმოსავლურ ცივილიზაციებთან, ნოვაციები და პერსპექტივები“ – ამ სახელწოდებით ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში I საერთაშორისო კონფერენცია გაიხსნა.

კონფერენციის მონაწილეებს აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე თეონა ბერიძე და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი მერაბ ხალვაში მიესალმნენ. „დღევანდელი კონფერენცია გახლავთ ის პლატფორმა, რომელიც არის საუკეთესო ნიმუში იმისა, თუ როგორ შეიძლება უმაღლესმა სასწავლებლებმა და მუზეუმმა, ერთობლივად განახორციელოს ჩვენი რეგიონისათვის ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი ფაქტობრივი მასალების შესწავლა და მისი პოპულარიზაცია. ამ მიმართულებით აჭარის ტერიტორიაზე 2014 წლიდან მიმდინარეობს საველე სამუშაოები. საინტერესო შედეგები ასახულია კონფერენციების მასალებში. მინდა დავადასტურო სამინისტროს მზადყოფნა, ხელი შეუწყოს იმ საგანამანთლებლო და კვლევით საქმიანობას, რომელიც მუზეუმის წიაღში დაიბადება და რომელსაც დიდი მნიშვნელობა აქვს ჩვენი კულტურისა და ჩვენი ისტორიის პოპულარიზაციისთვის“ -აღნიშნა თეონა ბერიძემ.

საერთაშორისო კონფერენცია სამი დღის განმავლობაში გაგრძელდება და შედეგები საინტერესო იქნება, როგორც სამეცნიერო, ასევე საგანმანათლებლო თვალსაზრისითაც. კონფერენციაში აქტიურად იქნება ჩართული ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის უნივერსიტეტი, ასევე, მოხსენებებს წაიკითხავენ თურქეთის წამყვანი უნივერსიტეტების არქეოლოგიის მიმართულების პროფესორ-მასწავლებლები, რაც ხელს შეუწყობს საგანმანათლებლო მიმართულებით კონტაქტების გამყარებასა და სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავებას, გაჩნდება ფართო პერსპექტივა ძველი მსოფლიოს ისტორიისა და არქეოლოგიის უაღრესად აქტუალური პრობლემის თანამიმდევრული და საერთო კვლევის დაწყებისთვის.

საერთაშორისო კონფერენცია აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დაფინანსებით, სსიპ აჭარის მუზეუმის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერესიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტისა და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით გაიმართა.

 

Comments
Loading...