- Advertisement -

ბათუმი ჭადრაკის მსოფლიო ოლიმპიადისთვის ემზადება

დღეს სპორტის სასახლე და მის მიმდებარედ მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ და საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ შალვა გოგოლაძემ ჭადრაკის ფედერაციისა და ფიდეს ხელმძღვანელ პირებთან ერთად დაათვალიერეს. სამუშაოების დათვალიერების ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ აჭარის ეკონომიკის მინისტრი რამაზ ბოლქვაძე, ლატვიის ფინანსთა მინისტრი დანა რეზნიცე-ოზოლა და ევროპის საჭადრაკო კავშირის პრეზიდენტი ზურაბ აზმაიფარაშვილი და საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის წარმომადგენლები.

ამ ეტაპზე დასრულებულია სპორტის სასახლის მშენებლობა, რომელიც ორ დიდ დარბაზს მოიცავს (2500 კაციანი და 500 კაციანი). ინტენსიურად მიმდინარეობს ახალი ყინულის არენის მშენებლობა, რომელიც ჭადრაკის მსოფლიოს ოლიმპიადის მსვლელობისას დამატებით სივრცედ იქნება გამოყენებული. უახლოეს პერიოდში მოწესრიგდება სპორტის სასახლის ირგვლივ არსებული ინფრასტრუქტურა, მოასვალტდება ირგვლივ არსებული გზები.

როგორც ზურაბ პატარაძემ აღნიშნა, ოლიმპიადის ღირსეული მასპინძლობისთვის დაწყებულია კომპლექსური სამუშაოები, რომლებიც მოიცავს როგორც ინფრასტრუქტურულ ნაწილს, ისე დამატებითი სერვისების შექმნას. მისი თქმით, ხდება ფიდეს მიერ გაწეული რეკომენდაციების გათვალისწინება, აჭარის მთავრობა კი მაქსიმალურად ჩართულია მოსამზადებელი სამუშაოების მონიტორინგის საკითხებში.

"ჭადრაკის მსოფლიო ოლიმპიადა ხელს შეუწყობს ჩვენი ქვეყნისა და რეგიონის ცნობადობის გაზრდას და განვითარებას. მნიშვნელოვანია მსგავსი საერთაშორისო დონის ღონისძიებების ჩატარება ჩვენს ქალაქში. ბათუმის სპორტის სასახლე, ახალი ყინულის არენა და ოლიმპიური საცურაო აუზი ჯამში შექმნის ბათუმის სპორტულ-გამაჯანსაღებელ ცენტრს, რაც ხელს შეუწყობს როგორც ქალაქის ინფრასტრუქტურული, ისე სპორტული ტურიზმის მიმართულებით განვითარებას " – აცხადებს ზურაბ პატარაძე.

მსოფლიოს 43-ე საჭადრაკო ოლიმპიადა ბათუმში 23 სექტემბრიდან 6 ოქტომბრის ჩათვლით გაიმართება და მასში მონაწილეობას მიიღებს 180-ზე მეტი ქვეყნის 4 000-მდე მოჭადრაკე და ოფიციალური პირი. ოლიმპიადის გახსნის ცერემონია შეკვეთილში, „ბლექ სი არენაზე“ გაიმართება.

Comments
Loading...