- Advertisement -

ბათუმში, გორგილაძის № 94-ში ნავთობი ჟონავს

ბათუმში, გორგილაძის 94 ნომერში მცხოვრები მოქალაქეები აქციას მართავენ. ისინი ირწმუნებიან, რომ ახალაშენებული კორპუსის სარდაფში მეზობლად მდებარე „სოკარის“ ბენზინგასამართი სადგურიდან ნავთობი ჟონავს.

ადგილობრივების განმარტებით სარდაფში წყალი და ნავთობი მაისის თვიდან გროვდება, ამის შესახებ არაერთხელ მიმართეს ბათუმის მერიას, ბენზინგასამართი სადგურის მფლობელ კომპანიას და გარემოს დაცვით უწყებებს, თუმცა ამ დრომდე მათგან კონკრეტული პასუხები ვერ მიიღეს.

„მაისიდან გვაწუხებს ეს პრობლემა, სადარბაზოებსა და ბინებში ნავთობის მძაფრი სუნია, ხშირია ინტოქსიკაციის შემთხვევები, რამდენჯერმე მოხვდნენ აქ მცხოვრები ბავშვები სწორედ ინტოქსიკაციის დიაგნოზით საავადმყოფოებში. ჩვენს შეტყობინებებზე დღემდე არც ერთი უწყება არ რეაგირებს“-ამბობს აქციის მონაწილე თამუნა სიხარულიძე.

მოსახლეობა დღეს საკუთარი ძალებით შეეცადა სარდაფიდან წყლის ამოტუმბვას, თუმცა ადგილზე გარემოსდაცვითი ზედამხედველობის ინსპექციის წარმომადგენლები მივიდნენ და მათ ამის საშუალება არ მისცეს. უწყების თანამშრომლები ირწმუნებიან, რომ წყლის ამოტუმბვის შემთხვევაში, მასში შერეული ნავთობი ზღვაში მოხვდება და ეკოლოგიურ პრობლემას შექმნის. თუმცა მათ არ განუმარტავთ, როგორ ხვდება სარდაფში ნავთობი და რა ღონისძიებები უნდა გატარდეს პრობლემის მოსაგვარებლად.

Comments
Loading...