- Advertisement -

ბათუმში ვასილ გაროზაშვილის ხსოვნიდამი მიძღვნილი მე-3 საერთაშორისო ტრადიციული ტურნირი ჩატარდა

მიმდინარე წლის 29 სექტემბრიდან 1 ოქტომბრამდე ბათუმის სასპორტო სკოლაში ჩატარდა ვასილ გაროზაშვილის ხსოვნიდამი მიძღვნილი მე-3 საერთაშორისო ტრადიციული ტურნირი ქართულ ჭიდაობაში,- ამის შესახებ ინფორმაციას ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობა ავრცელებს. 

"ტურნირში, რომელიც 5 წონით კატეგორიაში გაიმართა, მონაწილეობა მიიღო საქართველოს, ირანის, თურქეთის და აზერბაიჯანის 100-მდე სპორტსმენმა.

საერთაშორისო ტურნირის საზეიმო გახსნას ესწრებოდნენ აჭარის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების, საქართველოს ქართული ჭიდაობის რეგიონალური ფედერაციების, აჭარის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის, აჭარის მუნიციპალიტეტების სასპორტო სკოლების და სპორტული ფედერაციების, მოწვეული ქვეყნების ჭიდაობის ფედერაციების და ბათუმში არსებული საკონსულოების წარმომადგენლები, მოქმედი და ვეტერანი სპორტსმენები, ვასილ გაროზაშვილის ოჯახის წევრები, მეგობრები, კოლეგები და აღზრდილები.

ტურნირზე წარმატებით იასპარეზეს ხაშურელმა მოჭიდავეებმა. 60 კგ. წონით კატეგორიაში ჩემპიონი გახდა ხაშურელი ლაშა ჩადუნელი. 70 კგ. წონით კატეგორიაში მეორე საპრიზო ადგილი მოიპოვა თამაზ ნოზაძემ, ხოლო 80 კილოგრამ წონით კატეგორიაში ასევე მეორე ადგილზე გავიდა ხაშურის მუნიციპალიტეტის წარმომადგენელი ალექსი ქიტიაშვილი.

ტურნირის მსაჯთა კოლეგიის მიერ გამოვლინდა ყველაზე ტექნიკური მოჭიდავე და ეს ტიტული ხაშურელ ლაშა ჩადუნელს ერგო, რომელსაც სპეციალური პრიზი ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის სპორტის განყოფილების უფროსმა ბესო გაჩეჩილაძემ გადასცა.

გამარჯვებული სპორტსმენები, აჭარის ქართული ჭიდაობის ფედერაციის სპეციალური სიგელებით, მედლებით, თასებითა და ფასიანი საჩუქრებით დაჯილდოვდნენ.
წარმატებული ხაშურელი მოჭიდავეები მწვრთნელების: ბუხუტი ბუხრიკიძისა და მალხაზ ნოზაძის ზედამხედველობით ვარჯიშობენ."- აღნისნულია გავრცელებულ ინფორმაციაში. 
 

Comments
Loading...