- Advertisement -

ბათუმში, კლინიკიდან რამდენიმე ათასი ამპულა ნარკოტიკული საშუალება დაიკარგვაზე გამოძიება დაიწყო

საზღვაო ჰოსპიტალის სტაციონარში, რომელიც მართვაში კომპანია ”მედ-ემერჯენსს” აქვს აღებული, რამდენიმე ათასი ამპულა ნარკოტიკული საშუალება ადვოკატის ინფორმაციით ბოლო ერთი თვის განმავლობაში დაიკარგა.

სტაციონარში ნარკოტიკული საშუალების სახეობასა და ოდენოვას არ აკონკრეტებენ, თუმცა გავრცელებული ინფორმაციით რაოდენობა 6000 ამპულას აღწევს. კლინიკის მედიკოსების განცხადებით ადგილზე სამართალდამცავები იმყოფებოდნენ, აღნიშნულის შესახებ სწორედ მათაგან გაიგეს.

„ყველა საბუთი და შესაბამისი დოკუმენტაცია გადაცემულია საგამოძიებო ორგანოებისთვის,” – აცხადებს ქირურგიული დეპარტამენტის უფროსი და კლინიკური მენეჯერი
თემურ ხანთაძე.

ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 269-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ნარკოტიკული საშუალების ან პრეკურსორის დამზადების, წარმოების, მიღების, აღრიცხვის, გაცემის, შენახვის, გადაზიდვის, გადაგზავნის ან შემოტანის წესის დარღვევას.

უწყების ცნობით, მიმდინარეობს შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები. მომხდართან დაკავშირებით ჯერ არავინ დაუკავებიათ.

"შემთხვევა დაახლოებით ერთი თვის წინ მოხდა. გიდასტურებთ, რომ რამდენიმე ათასი სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული მედიკამენტი დაიკარგა კლინიკიდან და გამოძიებას ბათუმის პოლიციის საქალაქო სამმართველო აწარმოებს. ამ ეტაპზე სისხლის სამართლის საქმე აღძრულია ფაქტზე, და სამართლებრივი დევნა ცალკეულ პირებზე არ მიმდინარეობს. გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე მეტს ვერაფერს გეტყვით, არ შემიძლია გითხრათ ვინ არის და რამდენი ეჭვმიტანილი და ვერც გავრცელებულ ინფორმაციაზე გეტყვით რამეს დატოვა თუ არა საქართველო ეჭვმიტანილმა, მხოლოდ გეტყვით, რომ ბრძანებით სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული მედიკამენტებზე პასუხისმგებლობა ერთ პირს აქვს დაკისრებული. გამოძიება დაადგენს სხვა დეტალებს და სხვა პირების ჩართულობას"-განაცხადა ჟურნალისტებთან პაატა ბოლქვაძემ.

ფაქტთან დაკავშირებით კლინიკაში მედიკოსებს საუბარი არ სურთ, ერთერთმა თანამშრომელმა განაცხადა, რომ სავარაუდოდ ეჭვმიტანილი ქალია, რომელიც ექთნად მუშაობდა.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო ფაქტთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებს.

Comments
Loading...