- Advertisement -

ბათუმში, მარია შურის სახელობის პიანისტთა მე-2 ეროვნული კონკურსი გაიმართა

7 – 13 მაისს ბათუმში „მარია შურის სახელობის პიანისტთა მე-2 ეროვნული კონკურსი“ გაიმართა. კონკურსში მონაწილეობდნენ 7-დან 25 წლამდე ასაკის ნიჭიერი შემსრულებლები. კონკურსის დასკვნითი ეტაპი და გამარჯვებულების დაჯილდოება ბათუმის მუსიკალურ ცენტრში გაიმართა. ღონისძიებას აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე თეონა ბერიძე ესწრებოდა.

კონკურსი პირველად 2015 წელს ჩატარდა. წელს მნიშვნელოვნად გაიზარდა როგორც კონკურსის მასშტაბები, ასევე ფულადი საპრიზო ფონდიც.
პროექტის მიზანია ნიჭიერი შემსრულებლების გამოვლენა, მათი შემოქმედებითი განვითარების ხელშეწყობა, ნიჭიერი მუსიკოსების ფულადი პრიზით წახალისება, შემსრულებელთა შემოქმედებითი ბიოგრაფიის გამდიდრება და შემდგომი წარმატებისათვის სტიმულირება.

პროექტი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს პროგრამის – "კულტურის პოპულარიზაცია და შემოქმედებითი ინდუსტრიების განვითარების ხელშეწყობა" – ფარგლებში დაფინანსდა.

Comments
Loading...