- Advertisement -

ბათუმში მეწარმე ქალთა ეროვნული ბიზნეს-ფორუმი გაიმართა

8 მარტს ბათუმში მეწარმე ქალთა ეროვნული ბიზნეს-ფორუმი გაიმართა. ფორუმის მონაწილე ქალბატონებს სიტყვით მიმართა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ და ქალთა საერთაშორისო დღე მიულოცა.

რეგიონის ხელმძღვანელმა კმაყოფილება გამოხატა მეწარმე ქალთა ეროვნული ფორუმის ბათუმში ჩატარების და მასში მაღალმთიანი აჭარიდან ქალთა განსაკუთრებული ჩართულობის გამო. „როგორც აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, ამაყი ვარ, რომ დღეს აქ, საქართველოს ყველა კუთხიდანაა წარმოადგენილი ქალი მეწარმეები, მათ შორის, განსაკუთრებული სიმრავლით კი სწორედ ჩემი მაღალმთიანი აჭარა გამოირჩევა. მცირე და საშუალო ბიზნესის წახალისება, ინოვაციების, სტარტაპების ხელშეწყობა, საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტია. სასიხარულოა, რომ ამ მიმართულებით განსაკუთრებით აქტიურები არიან ქალბატონები, რომელთა როლი უმნიშვნელოვანესია ჩვენი ქვეყნისა და რეგიონის კეთილდღეობის საქმეში“ – აღნიშნა ზურაბ პატარაძემ.

ბათუმში ქალი მეწარმეების წარმატებებისა და გამოწვევების განსახილველად, ახალი შესაძლებლობების აღმოსაჩენად, საბაზრო მოთხოვნასთან შესაბამისი დაფინანსების წყაროების შესახებ ინფორმაციის მისაღებად და კომუნიკაციის გასაუმჯობესებლად 220 ქალი მეწარმე შეიკრიბა საქართველოს ყველა რეგიონიდან;

ფორუმის მთავარი თემაა ქალთა ეკონომიკური გაძლიერების მნიშვნელობა, ფინანსებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა და არსებული გამოცდილების გაზიარება.

ფორუმის მონაწილეებს საშუალება ექნებათ მოისმინონ ქალთა წარმატებული ბიზნეს მაგალითები საქართველოდან და გაიგონ მათი წარმატების საიდუმლო, გაეცნონ ქალებისათვის არსებულ საგრანტო და დაბალპროცენტიან საშეღავათო პროგრამებს, გაიგონ უფრო მეტი ბიზნესის გაფართოების შესაძლებლობებზე.

კერძო, სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციები თავიანთ შეთავაზებებს საინფორმაციო კუთხეებთან წარადგენენ. ფორუმის ფარგლებში გაიმართება პანელური დისკუსიები დამსწრეებსა და სხვადასხვა ორგანიზაციებს შორის უშუალო ბიზნესკონტაქტების დამყარების მიზნით.

საქართველოში ქალთა მეწარმეობის განვითარებას 15 სახელმწიფოს კერძო და სამოქალაქო ორგანიზაცია უწყობს ხელს.

ქალთა ეროვნული ბიზნეს-ფორუმის ორგანიზატორები არიან საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა (GCCI), აჭარის სავაჭრო-სამრეწველო პალატა (ACCI), „აჭარის ქალ ბიზნესმენთა ასოციაცია“ (ABWA) და აჭარის ა.რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო;

Comments
Loading...