- Advertisement -

ბათუმში საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში გამოფენა “ზაფხული” მოეწყო

2018 წლის 26 ივნისს აჭარის მუზეუმის ხელოვნების გალერეაში ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალის „წელიწადის ოთხი დრო – მეგობრობის პალიტრა ბათუმი 2018“ ფარგლებში შექმნილი ნამუშევრების გამოფენა „ზაფხული“ მოეწყო.

გამოფენის გახსნას აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე თეონა ბერიძე დაესწრო, მადლობა გადაუხადა პროექტში ჩართულ უცხოელ და ქართველ მხატვრებს და აღნიშნა: ბათუმი უკვე არაერთი წელია მასპინძლობს ფესტივალს „მეგობრობის პალიტრა“. სასიხარულოა, რომ წელს გაიზარდა ღონისძიების მასშტაბები და ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალის სახით წარსდგა დამთვალიერებლის წინაშე. ძალიან მნიშვნელოვანია რეგიონში მსგავსი ტიპის პლატფორმის შექმნა ადგილობრივი მხატვრებისათვის, სადაც მათ აქვთ საშუალება უცხოელ კოლეგებთან ერთად იმუშაონ, გაიზიარონ შემოქმედებითი სიახლეები და ასევე, გაეცნონ თანამედროვე მხატვრობაში არსებულ ტენდენციებს.

გვიხარია, რომ მოგვეცა დათვალიერების შესაძლებლობა ჩვენი ქალაქის ინსპირაციით შექმნილი ნამუშევრების. საერთაშორისო ფესტივალის „წელიწადის ოთხი დრო – მეგობრობის პალიტრა ბათუმი 2018“ მეორე ეტაპი – „ზაფხული“ მიმდინარე წლის 16 ივნისს დაიწყო და ათი დღის განმავლობაში გაგრძელდა. მასში ექვსი ქართველი და ოთხი უცხოელი მხატვარი მონაწილეობდა. მხატვრებმა დაათვალიერეს ბათუმის ღირსშესანიშნაობები, რაც მათ ნამუშევრებში აისახა.

გამოფენამ დამთვალიერებელთა დიდი მოწონება და ინტერესი დაიმსახურა. ფესტივალის ფარგლებში ოთხი პლენერი მოეწყობა და მიმდინარე წლის დეკემბერში დასკვნითი გამოფენა გაიმართება.

Comments
Loading...