- Advertisement -

ბათუმში საზოგადოებრივ ტრანსპორტში გადახდის სპეციფიკა იცვლება

ბათუმში ყველა სახის საზოგადოებრივ ტრანსპორტში მგზავრობის საფასურის გადახდა ნაღდი ანგარიშსწორებით აიკრძალება და მას უკონტაქტო გადახდის სისტემა ჩაანაცვლებს. აღნიშნული გადაწყვეტილება ბათუმის მერმა ქალაქში სატრასპორტო მოძრაობის მოწესრიგების მიზნით მიიღო, თუმცა ლაშა კომახიძეს არ დაუკონკრეტებია აღნიშნული ცვლილება ძალაში როდის შევა.

"უკონტაქტო გადახდის სისტემა დანერგილია მთელ ცივილიზებულ სამყაროში, უნდა დაინერგოს ჩვენთანაც. გარდა ამისა, საზოგადოებრივ ტრანსპორტში უნდა დაინერგოს ჯიპიარეს სისტემებიც, რაც მნიშვნელოვნად მოაწესრიგებს მოძრაობას", – განაცხადა ლაშა კომახიძემ მერის რანგში 100 დღიანი სამუშაო ანგარიშის წარდგენის დროს.

ახალარჩეულმა მერმა 250 გვერდიანი დოკუმენტი საკრებულოს დეპუტატებს, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებსა და ჟურნალისტებს წარუდგინა. ხმაური მოჰყვა შეკითხვების ნაწილს. საკრებულოს ოპოზიცია მერისგან ითხოვს შეჩერდეს ბათუმის სანაპიროზე მიმდინარე უნებართვო მშენებლობა, მერი კი ამტკიცებს, რომ სასტუმრო ჰილტონის გვერდით კომპანია ტერიტორიის გეოლოგიურ შესწავლას აწარმოებს , რასაც ნებართვა არ სჭირდება.

შეხვედრაზე ურთიერთშელაპარაკების მიზეზი გახდა ასევე ბათუმში იაფი სახლის მშენებლობის შეჩერებული პროექტიც.

Comments
Loading...