- Advertisement -

ბათუმში სეზონური სკოლა”დიგიტალური ჰუმანიტარია, ქართველოლოგია, კორპუსლინგვისტიკა, დოკულინგვისტიკა” გაიხსნა

2018 წლის 24 აგვისტოს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიხსნება რიგით მეშვიდე სეზონური სკოლა სახელწოდებით – „დიგიტალური ჰუმანიტარია, ქართველოლოგია, კორპუსლინგვისტიკა, დოკულინგვისტიკა".

სეზონური სკოლის მიზანია დიგიტალური ჰუმანიტარიის განვითარება საქართველოში, ენისა და კულტურის ელექტრონული დოკუმენტაციის ძირითადი პრინციპებისა და მეთოდების შესწავლა, აღნიშნული პროფილის ქართული და საერთაშორისო ელექტრონული რესურსების გაცნობა, საველე სამუშაოების ჩატარების უნარ-ჩვევების გამომუშავება.

სეზონური სკოლა ინტერდისციპლინურ პროგრამას შესთავაზებს მსმენელებს: თეორიულ კურსს გაუძღვებიან საქართველოსა და ევროპის წამყვანი უნივერსიტეტის მეცნიერ თანამშრომლები, რომელთა სალექციო კურსი მიეძღვნება დიგიტალური ჰუმანიტარიის მულტიდისციპლინურ მეთოდებს, ინსტრუმენტებსა და სტანდარტებს, დიგიტალური ქართველოლოგიის მიღწევებსა და განვითარების პერსპექტივებს.

სეზონური სკოლის ფარგლებში ჩატარდება საერთაშორისო ვორკშოპი დოკულინგვისტიკისა და კორპუსლინგვისტიკის საკითხებზე. რომელსაც გაუძღვებიან ფრანკფურტის გოეთეს უნივერსიტეტის პროფესორი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი – მანანა თანდაშვილი, ფრანკფურტის გოეთეს უნივერსიტეტის ემპირიული ენათმეცნიერების ინსტიტუტის მეცნიერ თანამშრომელი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი სალომე გოლამი, ლიდსის უნივერსიტეტის გამოყენებითი და კორპუსლინგვისტიკის ცენტრის მეცნიერ თანამშრომელი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი – რობერტ მაკდონალდ ლოვი და ლიდსის უნივერსიტეტის „ქართველური და კავკასიური ენების კვლევის ცენტრის“ ხელმძღვანელი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი – სოფიკო დარასელია.

სეზონური სკოლა თეორიულ ცოდნასთან ერთად ითვალისწინებს მსმენელების ორიენტირებას პრაქტიკული უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებაზე. ლექციებსა და ვორკშოპზე შეძენილ ცოდნას სტუდენტები გამოიყენებენ სეზონური სკოლის მიერ მოწყობილ ექსპედიციაში, სადაც გამოცდილი ექსპერტების ხელმძღვანელობით თავად ჩაიწერენ მასალებს, რის შემდეგაც ტუტორების დახმარებით მოახდენენ მოპოვებული მასალის სისტემატიზაციას.

სეზონური სკოლა ტარდება აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დაფინანსებითა და ფრანკფურტის იოჰან ვოლფგანგ გოეთეს უნივერსიტეტთან თანამშრომლობის საფუძველზე.
 

Comments
Loading...