- Advertisement -

ბათუმში “ფიზიკური აღზრდის და სპორტის შესახებ” კანონპროექტის საჯარო განხილვა გაიმართა

აჭარის რეგიონში სპორტის სფეროში ჩართული და სპორტით დაინტერესებული მოქალაქეებისთვის „ფიზიკური აღზრდისა და სპორტის შესახებ“ კანონპროექტის საჯარო განხილვა გაიმართა. ღონისძიება პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის, მიხეილ ყაველაშვილის მისასალმებელი სიტყვით გაიხსნა.

„განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ პარლამენტში ინიცირებულია ახალი „ფიზიკური აღზრდისა და სპორტის შესახებ“ კანონპროექტი. სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტი სამინისტროსთან ერთად საქართველოს რეგიონებში კანონპროექტის საჯარო განხილვებს მართავს და ეს უპრეცედენტო პროცესია, რადგან საქართველოს კონსტიტუციის გარდა, მსგავსი ფორმატის საჯარო განხილვები, ქვეყნის მასშტაბით არცერთ კანონპროექტზე არ გამართულა. ჩვენი მიზანია, კანონპროექტის პარლამენტში განხილვების დაწყებამდე, სპორტის სფეროში ჩართული და სპორტით დაინტერესებული საზოგადოებისგან, პროექტის მიმართ მოვისმინოთ მოსაზრებები და რეკომენდაციები, რომლებიც შემდგომ კანონპროექტის რედაქციაში აისახება“, – აღნიშნა მიხეილ ყაველაშვილმა. კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, საჯარო განხილვები საქართველოს სამ რეგიონში უკვე გაიმართა, სადაც საინტერესო წინადადებები გამოითქვა.

საჯარო განხილვის მონაწილეებს ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატი მუხრან ვახტანგაძე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ხელმძღვანელი, თორნიკე რიჟვაძე, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, დავით გაბაიძე ქალაქ ბათუმის მერი, ლაშა კომახიძე და აჭარის ა/რ განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი, ინგა შამილიშვილი მიესალმნენ. გამომსვლელებმა აჭარის რეგიონში სპორტის განვითარების და სპორტული ინფრასტრუქტურული პროექტების მნიშვნელობაზე ისაუბრეს და ახალ კანონპროექტში მოცემული ნორმების და მიდგომების იმპლემენტაციის კუთხით, მზაობა გამოთქვეს. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა კომიტეტის თავმჯდომარეს ბათუმში საჯარო განხილვის გამართვისთვის მადლობა გადაუხადეს და კომიტეტის და სამინისტროს ინიციატივა დადებითად შეაფასეს.

„სპორტი არის ის სფერო, სადაც განსხვავებული მიდგომები არ შეიძლება გვქონდეს პოლიტიკური თვალსაზრისით. მნიშვნელოვანია, რომ ამ კანონის საჯარო განხილვა ხდება აჭარაში, რადგან აქ არის ხელისუფლების სამივე დონე. ახალი კონსტიტუციით სპორტი არ არის ცენტრალური ხელისუფლების განსაკუთრებულ ჩამონათვალთა სიაში, არც მუნიციპალიტეტების განსაკუთრებული კომპეტენციაა და არც ავტონომიური რესპუბლიკის. ეს იმას ნიშნავს, რომ კონსტიტუციამ თავისუფალ სივრცედ დატოვა სპორტის საკითხების მოწესრიგება”, – განაცხადა დავით გაბაიძემ.

კომიტეტის და სამინისტროს თანამშრომლებმა შეკრებილ საზოგადოებას კანონპროექტის ძირითადი არსი, მიზნები და ამოცანები გააცნეს და იმ სიახლეებზე ისაუბრეს, რომელსაც კანონის მოქმედი რედაქცია არ ითვალისწინებს და სპორტის განვითარების მიმართულებით სიახლეებს წარმოადგენს. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. დისკუსიის პროცესში ღონისძიების მონაწილეებმა საკუთარი მოსაზრებები და წინადადებები გამოთქვეს, რომლებიც ძირითადად სპორტულ ბაზებს და ინფრასტრუქტურის მშენებლობას, სპორტული ტურიზმის განვითარებას, სპორტული დისპანსერის და ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში სპორტული ფაკულტეტის აღდგენას შეეხებოდა. აჭარის რეგიონის მაცხოვრებლებმა ადგილობრივი სპეციალისტების აუცილებლობის საჭიროებებზეც ისაუბრეს, რაც მათი შეფასებით, მნიშვნელოვანი წინაპირობაა სპორტული მიმართულებების განვითარებისთვის.

„ფიზიკური აღზრდისა და სპორტის შესახებ“ კანონპროექტის საჯარო განხილვა, ხვალ 31 ივლისს, ოზურგეთში გაიმართება.

Comments
Loading...