- Advertisement -

ბათუმში ჩეხი დოკუმენტალისტი ფოტოგრაფის, კარელ ცუდლინის გამოფენა მოეწყო

2018 წლის 14 ივნისს ხელოვნების მუზეუმის საგამოფენო დარბაზში ჩეხი ფოტოგრაფის კარელ ცუდლინის ფოტონამუშევრების გამოფენა ,,საბჭოთა ჯარის გაყვანა ჩეხოსლოვაკიიდან“ გაიხსნა.

გამოფენის გახსნას ჩეხეთის ელჩი საქართველოში ტომაშ პერნიცკი, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი ინგა შამილიშვილი და აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ზაალ მიქელაძე ესწრებოდნენ. ექსპოზიციაზე წარმოდგენილია ფოტოები, რომლებიც ჩეხოსლოვაკიიდან საბჭოთა ჯარის გამოსვლას ასახავს. 1991 წლის 21 ივნისს ჩეხოსლოვაკიის ტერიტორია საბჭოთა ჯარების ბოლო სარკინიგზო ტრანსპორტმა დატოვა, ხოლო 30 ივნისს საბოლოოდ დასრულდა ქვეყნის 23-წლიანი ოკუპაცია.

კარელ ცუდლინი დოკუმენტალისტი ფოტოგრაფია. ის თანამშრომლობს ჩეხეთის რესპუბლიკისა და საზღვარგარეთის სარედაქციო და საგამომცემლო სახლებთან, ასწავლის პრაღის ხელოვნების აკადემიის ფილმოგრაფიისა და ტელევიზიის სკოლაში. ცნობილია მისი რამდენიმე მონოგრაფია. კარელ ცუდლინი 1997-2002 წლებში ჩეხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის ვაცლავ ჰაველის ერთ-ერთი ფოტოგრაფი იყო. ფოტოგრაფს გამართული აქვს 20-ზე მეტი პერსონალური გამოფენები ევროპის სხვადასხვა ქალაქებში. ასევე, მონაწილეობა აქვს მიღებული 50-მდე ჯგუფურ გამოფენაში. გამოფენა ჩეხეთის საელჩოს საქართველოში და აჭარის განათლების კულტურისა და სპორტის სამინისტროს ხელშეწყობით მოეწყო. ფოტოგამოფენა 2018 წლის 20 ივნისამდე გაგრძელდება.

Comments
Loading...