- Advertisement -

ბათუმში ძველი ბულვარის ზოლში 9 ცათამბჯენის მშენბლობის წინააღმდეგ საპროტესტო კამპანია დაიწყო

რამდენიმე დღის წინ ბათუმის მერმა განაცხადა, რომ ეშმაკის ბორბლის მიმდებარე ტერიტორიაზე ზღვისპირა ზოლში 6 ცათამბჯენი მშენებლობა იგეგმება, 3 მაღლივი კორპუსი კი დელფინარიუმის მიმდებარედ სანაპირო ზოლთან. ფაქტს მწვავე რეაქცია მოჰყვა ადგიობრივების მხრიდან. საზოგადოება “ბათომი”-ს წევრებმა საპროტესტო კამპანია სოცილური ქსელის მეშვეობით წამოიწყეს და აქცია ხვალ 14:00 საათზე ევროპის მოედანზე ჩანიშნეს.

“შეწყდეს ბათუმის ჩაბეტონება” – ამ სახელწოდებით შექმნილი ჯგუფის ღონისძიებით უკვე 2000-მდე ადამიანია დაინტერესებული. ჩვენ უცვლელად გთავაზობთ ინფორმაციას, რომელიც აღნიშნულ გვერდზეა განთავსებული:

“საქართველოს მოქალაქეებო, ბათუმელებო,ბოლო წლების განმავლობაში ჩვენი ქალაქისთვის ყველაზე მტკივნეულ და ხელშესახებ პრობლემად იქცა ქაოსური, უკონტროლო და უტიფარი მშენებლობები ბათუმის ყველა უბანში.

ცათამბჯენებმა ზღვისპირა მზიან ქალაქში შეგვიჭამეს სივრცეები, დაგვიფარეს ხედები, ჩაგვიქოლეს ფანჯრები, წაგვართვეს საჯარო სივრცეები, ტროტუარები, მწვანე სივრცეები, საბავშვო და სპორტული მოედნები.

წინა და ახლანდელი ხელისუფლების დროს საეჭვოდ გაცემული სამშენებლო ნებართვებით, ზღვასა და ქალაქს შორის ბეტონის კედელი აღიმართა. ჩვენ კი გვაიძულებენ ეს მოცემულობა ბათუმის განვითარებად მივიღოთ.

ბოლოს “განვითარების” პიკს მივაღწიეთ – ძველი ბულვარის სანაპიროს გასწვრივ, ბათუმის რივიერასა და დელფინარიუმის მახლობლად 9 ცათამბჯენის აშენება დაანონსდა . გაბრაზებულ მოქალაქეებს კი ქალაქის მერმა გვითხრა, რომ ცათამბჯენები კარგია და ჩვენ კომპლექსები გვაწუხებს… საკმარისია!!!

უჰაეროდ დარჩენილი ქალაქის ყველაზე მწვანე ნაწილიც აღარ დარჩა ხელშეუხებელი. ბათუმის ფილტვებად წოდებული – მწვანე კონცხის ნაწილს რეკრეაციული ზონის სტატუსი შეუცვალეს ორი 28 სართულიანი საცხოვრებელი სახლის ასაშენებლად. ამით დაიწყო მწვანე კონცხის ჩაბეტონების შეუქცევადი პროცესი, როგორც ეს კვარიათსა და გონიოში მივიღეთ. საკმარისია! ეს არ უნდა დავუშვათ!

მოგიწოდებთ ყველას! ვუთხრათ ჩინოვნიკებს, რომ ჩვენ ვართ ქალაქი და არ ვეთანხმებით არც ერთ გადაწყვეტილებას, რომლის შედეგად ბათუმში მივიღეთ ბეტონის ჯუნგლები. არ ვეთანხმებით სამარცხვინო გადაწყვეტილებას, რომლითაც მწვანე კონცხზე მრავალსართულიანი განაშენიანება დაუშვეს! არ ვეთანხმებით სანაპირო ზოლზე 9 ცათამბჯენის მშენებლობას! შეწყვიტეთ ბათუმის ჩაბეტონება – ამის სათქმელად ვიკრიბებით კვირას, 7 ოქტომბერს, 14:00 საათზე, ბათუმში, ევროპის (ერას) მოედანზე!

ჩვენ ვართ საზოგადოება! ჩვენ ვართ ხელისუფლება! ჩვენ ვართ სახელმწიფო! ჩვენს სიტყვას აქვს ძალა და ეს მნიშვნელოვანია დავაფიქსიროთ!” – ნათქვამია სოციალურ ქსელში განთავსებულ განცხადებაში.

ბათუმის სანაპირო ზოლში, შესაძლო 9 ცათამბჯენის მშენებლობას ორი დღის წინ გამოეხმაურა აჭარის მთავრობის თავმჯდომარეც. თორნიკე რიჟვაძემ აღნიშნა რომ “ქალაქს ჭირდება ცათამბჯენები”, თუმცა ეს საკითხი საზოგადოებასთან ფართო განხილვის შემდეგ უნდა გადაწყდეს.

Comments
Loading...