- Advertisement -

ბათუმში წყლის სამარაგო რეზერვუარის მშენებლობა მიმდინარეობს

ბათუმის მუნიციპალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროექტის III ფაზის ფარგლებში, მახინჯაურში წყლის სამარაგო რეზერვუარის მშენებლობა მიმდინარეობს. 1800 კუბური მეტრის რეზერვუარი წყალმომარაგებით უწყვეტად მახინჯაურის, მწვანე კონცხის, განთიადის და თამარის დასახლებებში მცხოვრებ 5000-მდე აბონენტს მოამარაგებს.
რეზერვუარის მშენებლობის დასრულების შემდეგ, წყალმომარაგების ახალ სისტემაზე დაერთების სამუშაოების შესრულებას ბათუმის წყალი უზრუნველყოფს. მოსახლეობას სრულიად უფასოდ დაუმონტაჟდებათ წყლის მრიცხველები. 

წყლის სამარაგო რეზერვუარის სამშენებლო სამუშაოები მიმდინარე 2018 წლის მესამე კვარტალში უნდა დასრულდეს.

მახინჯაურში წყლის სამარაგო რეზერვუარის სამშენებლო სამუშაოებს ერთობლივი საწარმო „ლუდვიგ ფაიფერ და ფაიფერ ლაიფციგი“ ასრულებს. პროექტის ღირებულება 2 მილიონ 200 ათას ევროს შეადგენს. 

რეზერვუარის დაპროექტების და სამშენებლო სამუშაოების პროცესების მონიტორინგს გერმანიის რეკონსტრუქციის ბანკი KFW, ბათუმის მერია, ბათუმის წყალი, საინჟინრო კომპანია „ლუდვიგ ფაიფერ და ფაიფერ ლაიფციგი“ და საკონსულტაციო კომპანია MACS აწარმოებს. მახინჯაურის წყლის სამარაგო რეზერვუარის სამუშაოების დასრულების შემდეგ, რეზერვუარს ექსპლუატაციას მუნიციპალური კომპანია ბათუმის წყალი გაუწევს. 

მახინჯაურის რეზერვუარის მშენებლობა, მუნიციპალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროექტი გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მეშვეობით და გერმანიის განვითარების ბაკის KFW-ის მიერ გამოყოფილი შეღავათიანი სესხის ფარგლებში ხორციელდება. პროექტი ასევე ფინანსდება ევროკავშირის სამეზობლო საინვესტიციო ფონდიდან (EU NIF) გამოყიფილი თანხების მეშვეობით.

 

Comments
Loading...