- Advertisement -

“ბანკიდან ვალი ავიღეთ ახალი “მარშუტკები” ვიყიდეთ, ახალ გვეუბნებიან წაით სახლშიო” – აქცია ბათუმის მერიასთან

ბათუმის მერიის ადმინისტრაციულ შენობასთან ხელვაჩაურისა და ბათუმის მიკროავტობუსის მძღოლები შეიკრიბნენ. ისინი სამარშუტო ხაზების შემცირებას აპროტესტებენ.

მძღოლების განცხადებით მიკროავტობუსების რაოდენობა არსებულთან შედარებით შესაძლოა განახევრდეს, მათი მტკიცებით აღნიშნული საკითხი ბათუმის საკრებულომ დღეს 11-საათზე ჩანიშნულ სხდომაზე უნდა გადაწყვიტოს.

"ჯერ გვითხრეს კარგი მარშუტკები იყიდეთ, რომ ხაზზე დაგტოვითო, ბანკიდან ვალი ავიღეთ ახალი მარშუტკები ვიყიდეთ და ახალ გვეუბნებიან წაით სახლშიო, რით გადავიხადო მე ბანკის ვალი ახლა, ჩემთვის არავის უთქვამს რომ ხაზებს ამცირებდნენ. არ მივცემთ ამის საშუალებას მაგიტომ მოვედით მერიასთან, რომ ეს გადაწყვეტილება არ მიიღონ, თორემ არცერთი მარშუტკა არ გავა სამუშაოდ", – აცხადებს აქციის ერთ-ერთი მონაწილე.

ბათუმის მერიაში განმარტავენ, რომ სამარშუტო ხაზების რაოდენობის შემცირებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება საკრებულომ 29 მაისის დადგენილებით მიიღო. დღეს კი სხდომაზე მიკროავტობუსების პირობების რეგულაციის საკითხი უნდა განიხილონ. უწყების ინფორმაციით მერიის წარმომადგენლები მძღოლებსაც შეხვდებიან და მათ პრეტენზიებს მოისმენენ.

ადგილზე სამართალდამცავები არიან მობილიზებული. ისინი მოქალაქეებს წესრიგის დაცვისკენ მოუწოდებენ. ქალაქში არსებული მიკროავტობუსების ნაწილი მუშაობას ამ დრომდე აგრძელებს. გაფიცული მძღოლები პროტესტისკენ მათაც მოუწოდებენ და აღნიშნული მოთხოვნით მერიის მიმდებარედ მოძრავ მარშუტკებს აჩერებენ. 

Comments
Loading...