- Advertisement -

“ბიზნეს სახლთან” დაკავშირებით ღია კარის დღე გაიმართა

საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ,,ბიზნეს სახლთან“ დაკავშირებით ღია კარის დღე გამართა. პროექტის შესახებ დეტალურად მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი შენგელიამ ისაუბრა.
,,ბიზნეს სახლის“ – ის მშენებლობა მიზნად ისახავს სახელმწიფოსა და ბიზნესის თანამშრომლობის სრულიად ახალ ხედვას. რაც გულისხმობს, სახელმწიფო სერვისების მიწოდების გაუმჯობესებას.

„ბიზნეს სახლში“ უზრუნველყოფილი იქნება, როგორც ფიზიკური ისე ელექტრონული სივრცის განვითარება, სადაც ბიზნესის წარმომადგენლებს საშუალება ექნებათ ერთ სივრცეში, ერთი ფანჯრის პრინციპით, 600 –ზე მეტი სახელმწიფო სერვისი მიიღონ, რომლის მიწოდებას ამ ეტაპზე 60-მდე უწყება უზრუნველყოფს.

საპროექტო შენობა არის თანამედროვე, ინოვაციური და ენერგოეფექტური. ის „მწვანე შენობის“, LEED -ის ვერცხლის სერთიფიკატის მქონე პირველი შენობა იქნება საქართველოში. მეორეს მხრივ, მისი დიზაინი ბუნებრივად ჩაჯდება და მრავალფეროვნებას შემატებს ქალაქის იერსახეს

მუნიციპალური განვითარების ფონდმა, პირველად ,,ბიზნეს სახლის“ მშენებლობაზე ელექტრონული ტენდერი 2017 წლის 21 დეკემბერს გამოაცხადა, წინადადების მიღება კი 23 იანვარს დასრულდა. აღნიშნული ტენდერი დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილების საფუძველზე და იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ შეუძლებელი იყო სატენდერო პირობების ცვლილება, „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული მიზნების დაცვის უზრუნველსაყოფად, მუნიციპალური განვითარების ფონდმა ელექტრონული ტენდერის პროცედურა შეწყვიტა. ახალი ტენდერი კი შეცვლილი პირობების შესაბამისად გამოცხადდება.

მუნიციპალური განვითარების ფონდის მიზანია, სატენდერო პროცედურები უფრო მეტად გამჭვირვალე და ეფექტიანი გახდეს, დაინტერესებულ კომპანიებს საშუალება ჰქონდეთ ტენდერის გამოცხადებამდე გაეცნონ პროექტს, რაც მათ საშუალებას მისცემს უფრო უკეთ მოემზადონ და გარემოც მეტად კონკურენტუნარიანი გახდეს.
 

Comments
Loading...