- Advertisement -

ბოლნისის მუნიციპალიტეტში “მრავალფეროვანი საქართველოს” ფარგლებში სემინარები გაიმართა

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით, გრძელდება პროექტი „მრავალფეროვანი საქართველო”.

26 ოქტომბერს, ბოლნისის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებში და კულტურის ცენტრში გაიმართება სხვადასხვა სახის ღონისძიებები. ადგილობრივ მოსახლეობასთან, სტუდენტებთან და უფროსკლასელებთან შეხვედრებს გამართავენ მწერლები, მთარგმნელები, მეცნიერები და ხელოვანები, მათ შორის, მწერალთა კავშირისა და რუსთაველის საზოგადოების წარმომადგენლები და თავმჯდომარეები – ბაღათერ არაბული, დავით შემოქმედელი, ელზადა გასანოვა, გიორგი გოგოლაშვილი, ხელოვანები – იური მეჩითოვი და მაია დეისაძე.

ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფ. თამარისის, ბოლნისის მეორე და მეხუთე საჯარო სკოლებში, უფროსკლასელებისთვის გაიმართება სემინარები სხვადასხვა თემაზე: „ვეფხისტყაოსანი“ მსოფლიო ლიტერატურის კონტექსტში; ქართული ანბანი – კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი; ქართულ – აზერბაიჯანული ლიტერატურული ურთიერთობები – ორენოვანი ლიტერატურული ჟურნალის „სხვი“ წარდგინება; ფოტოხელოვნების სათავეები საქართველოში.

ღონისძიების ფარგლებში, ბოლნისის კულტურის ცენტრში მოეწყობა რეჟისორ გიორგი თავართქილაძის მოკლემეტრაჟიანი ფილმის „Cofee Break“ ჩვენება. პროექტის მუსიკალურ ნაწილს უზრუნველყოფს დედაქალაქიდან ჩასული მუსიკალური ბენდი „ქიმერა“, ხოლო სკოლის ბიბლიოთეკებს სასაჩუქრედ გადაეცემა სამინისტროს ხელშეწყობით გამოცემული წიგნები.

სსიპ გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის მუზეუმის მიერ ინიცირებული პროექტი „მრავალფეროვანი საქართველო“ წელს 15 მაისს დაიწყო. პროექტის მიზანია, საქართველოში მცხოვრებ ეთნიკურ უმცირესობათა საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობა, ახალგაზრდების ინფორმირებულობის და სახელოვნებო განათლების დონის ამაღლება, შემოქმედებითი უნარების განვითარება.

აღნიშნული პროექტის ფარგლებში ხორციელდება რიგი ღონისძიებები ეთნიკური უმცირესებობებით დასახლებულ რეგიონებში (ქვემო-ქართლი; სამცხე-ჯავახეთი; პანკისის ხეობა).

Comments
Loading...