- Advertisement -

გაბაიძე: ვფიქრობ, პრეზიდენტი აჭარის მთავრობის მეთაურის პოსტზე თორნიკე რიჟვაძეს წარადგენს

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ დავით გაბაიძე მიიჩნევს, რომ პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მეთაურის პოსტზე აჭარის უმაღლესი საბჭოს მიერ შეთავაზებულ კანდიდატს თორნიკე რიჟვაძეს წარადგენს. ამის შესახებ გაბაიძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის გადაცემა – „მთავარი აჭარაში“ განაცხადა. 

"ცხადზე უცხადესია, რომ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მეთაურის წარდგენასთან დაკავშირებით, საქართველოს პრეზიდენტმა უნდა იხელმძღვანელოს აჭარის მოსახლეობის მიერ გამოხატული ნების შესაბამისად. ამ შემთხვევაში, მთავარი განმსაზღვრელი ფაქტორი 2016 წლის არჩევნებია, რომლის შედეგებით, „ქართული ოცნება“ მყარი უმრავლესობით მოვიდა როგორც აჭარის, ასევე, მთელი ქვეყნის ხელისუფლებაში. ამას ითვალისწინებს კონსტიტუციაც, რომელიც არა მხოლოდ სამართლებრივი, არამედ პოლიტიკური დოკუმენტიცაა, რომელიც პრეზიდენტის მიერ უმაღლესი საბჭოსათვის მთავრობის თავმჯდომარის კანდიდატის წარდგენას ითვალისწინებს. კონსიტუციონალიზმში დამკვიდრებული აზრია, რომ მთავრობის ფორმირებას ახდებს გამარჯვებული პოლიტიკური ძალა, ჩვენს ქვეყანაში კი ასეთი ძალა „ქართული ოცნებაა“.

შესაბამისად, ვფიქრობ, რომ პრეზიდენტი გაითვალისწინებს და პატივს სცემს ხალხის დემოკრატიულად გამოხატულ ნებას და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მეთაურის პოსტზე წარადგენს აჭარის უმაღლესი საბჭოს მიერ შეთავაზებულ კანდიდატს.

პრეზიდენტი ამ პროცესებში მონაწილეობს როგორც ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენელი, რათა გამოირიცხოს პოლიტიკური ხასიათის რისკები. პროცესების ვადაში გაჭიანურებამ, როგორც ჩანს, ჩვენს პოლიტიკურ ოპონენტებს მადა გაუღვიძა და მათ დაიწყეს კანდიდატების დასახელება. ცენტრალური ხელისუფლების დონეზეც კი არავის მოუვა აზრად, რომ პრემიერ-მინისტრად ჰყავდეს ოპოზიციის წარმომადგენელი. პირადად ვერ გეტყვით რაზე ისაუბრეს საინიციატივო ჯგუფების წარმომადგენლებმა, მაგრამ ვიცი, რომ არსად, არც ერთ ქვეყანაში მთავრობას არ აყალიბებს ოპოზიცია", – განაცხადა გაბაიძემ. 

Comments
Loading...