- Advertisement -

გაბუნია: მინდა ყველას ესმოდეს აფხაზეთის მთავრობა არ გახლავთ სიმბოლური, ფორმალური მთავრობა

ამის შესახებ, რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ ზაზა გაბუნიამ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელ ვახტანგ ყოლბაიასთან შეხვრისას განაცხადა.

შეხვედრაზე ძირითადი ყურადღება დაეთმო რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას შორის მჭიდრო კავშირების დამყარების აუცილებლობას და სამომავლოდ ურთიერთთანამშრომლობის კიდევ უფრო გააქტიურებას.

„მე ვფიქრობ საჭირო შეხვედრა იყო, იმიტომ რომ არის საკითხები, რაშიც კოორდინაცია მნიშვნელოვანია. ყველას მინდა ესმოდეს, რომ ეს არ გახლავს სიმბოლური, ფორმალური მთავრობა, მას აქვს თავისი როლი და ვფიქრობ, შესაძლებელია ამ როლს მომავალში კიდევ უფრო გავუსვათ ხაზი და კიდევ უფრო ნათლად წარმოვაჩინოთ იგი საზოგადოების წინაშე“, – განაცხადა ზაზა გაბუნიამ შეხვედრის შემდეგ.

როგორც კომიტეტის თავმჯდომარემ აღნიშნა, კომიტეტს მუშაობის საკმაოდ ეფექტური და მრავალმხრივი ფორმატი აქვს: გასვლითი სხდომები, ინსტიტუციური დიალოგის ფორუმი, საკომიტეტო მოსმენები და სხვა, სადაც კომიტეტი ყველა სახელმწიფო უწყებასთან და ამავდროულად, სამოქალაქო სექტორთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან, აკადემიური სფეროს წარმომადგენლებთან, რაც მთავარია, მუნიციპალიტეტებთან ერთად მუშაობს საჭირბოროტო და გადაუდებელ საკითხებზე.

„ამ პროცესში აფხაზეთის მთავრობა მოვიწვიე, როგორც სუბიექტი, რომ მათ ეს ფორმატი გამოიყენონ როგორც კოორდინაციის, კონსულტაციის, დიალოგის, ჩართულობის ძალიან კარგი მექანიზმები. ეს მისცემს აფხაზეთის მთავრობას შესაძლებლობას, რომ რეგიონებში მცხოვრები დევნილების, იმ სეგმენტის წინაშე არსებული და დასმული საკითხები, ვისთვისაც მუშაობს, ეფექტურად გადაწყვიტოს სწორედ ამ ფორმატის გამოყენებით. ანუ, ჯერ დასვას საკითხები შესაბამისი სუბიექტების წინაშე და შემდეგ გადაწყვიტოს. ეს იყო ჩემი შეთავაზება მათთვის და ვფიქრობ საჭირო შეთავაზებაა, იმიტომ, რომ აქამდე აფხაზეთის მთავრობა მოკლებული იყო ამ შესაძლებლობას. ეს ჩვენი კომიტეტისთვისაც, რომელიც ქვეყანაში რეგიონული პოლიტიკის მთავარი განმსაზღვრელი სუბიექტია, კარგი შესაძლებლობაა მუშაობის გაფართოებისათვის და მნიშვნელოვანია, რომ ყველა სუბიექტი მონაწილეობდეს და ჩართული იყოს პროცესებში“, – განაცხადა ზაზა გაბუნიამ.

შეხვედრაზე ისაუბრეს ურთიერთანამშრომლობის მნიშვნელობაზე და შესაძლო ერთობლივ ღონისძიებებზე. ისაუბრეს ასევე იმ აუცილებელ ფორმატზე, რომლებიც პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას შორის ფორმალურ ოფიციალურ კავშირებს კიდევ უფრო გააღრმავებს და გაძლიერებს.

Comments
Loading...