- Advertisement -

გამჭვირვალობა: ბათუმის საკრებულოსა და მერიის 8 თანამდებობის პირს ქონებრივი დეკლარაცია არასრულად აქვს შევსებული

არასამთავრობო ორგანიზაციამ მუნიციპალიტეტის 30 თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაცია 14-21 ნოემბერს შეისწავლა. აღმოჩენილი დარღვევებიდან 6 შემთხვევა ეხება თანამდებობის პირებისა და მათი ოჯახის წევრების კუთვნილი ქონების (უძრავი ქონება, წილები საწარმოებში) არასრულ ასახვას, 2 შემთხვევაში კი დადგინდა ინტერესთა შეუთავსებლობა.

საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ კანონის მოთხოვნათა დარღვევის ყველაზე მეტ ნიშნებს ორგანიზაცია ბათუმის საკრებულოს განათლების, კულტურის, ტურიზმისა და სპორტის საკითხთა კომისიის თავმჯდომარის
ირაკლი პატარიძეს საქმიანობაში ხედავს.

კვლევის თანახმად საკრებულოს უმრავლესობის წევრი შპს „ბაგირა 21-ის” დირექტორი და 100%-იანი წილის მფლობელია. საკრებულოს თანამდებობის პირს კანონი საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ საწარმოს დირექტორობას უკრძალავს.

ამასთან ირაკლი პატარიძეს 2018 წლის 22 იანვარს წარდგენილ დეკლარაციაში აღნიშნული აქვს, რომ შპს „ტრეიდინგ სერვისსა” და ასევე, შპს trading service-ში 50-50%-იანი წილი აქვს. საკრებულოს თანამდებობის პირს არც ეს წილები გადაუცია სხვა პირებისთვის სამართავად, რაც კანონდარღვევაა.
ამასთან, ირაკლი პატარიძეს ქონებრივ დეკლარაციაში არ მიუთითებია მამის ბადრი პატარიძის სამეწარმეო საქმიანობა კომპანიაში „ბადურა”, სადაც საკრებულოს თანამდებობის პირის მამა 100%-იანი მეწილე და დირექტორია.

ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს უმრავლესობის დეპუტატმა „ქართულ ოცნება – დემოკრატიულ საქართველოს” 2016 წელს 2000 ლარი შესწირა.

პატარიძის 50%-იან მფლობელობაში მოქმედი კომპანიები „ტრეიდინგ სერვისი” და Trading Service აქტიურად მონაწილეობენ ბათუმსა და ზოგადად, აჭარაში მოქმედ საჯარო დაწესებულებების მიერ გამოცხადებულ შესყიდვებში.

აღნიშნული კომპანიები შემსყიდველ ორგანიზაციებს ჰიგიენისა და დასუფთავების პროდუქტებს სთავაზობენ. ამ ორგანიზაციებს შორისაა ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის დაქვემდებარებაში არსებული საბავშვო ბაღები, „შავი ზღვის ფლორისა და ფაუნის შემსწავლელი სამეცნიერო კვლევითი ცენტრი”, ა(ა)იპ ბათუმის სპორტულ- ახალგაზრდული ცენტრი, ბათუმის სასპორტო სკოლა, ასევე ბათუმის საზღვაო აკადემია, აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო, ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრი და ათეულობით სხვა საჯარო დაწესებულება.

ორივე კომპანიას 2015-2018 წლებში გამოცხადებულ ტენდერებში გამარჯვების შედეგად გაფორმებული 113 ხელშეკრულებიდან 500 000 ლარზე მეტი აქვს მიღებული, 300 გამარტივებული შესყიდვიდან კი 170 000 ლარამდე. მიუხედავად ამისა, ირაკლი პატარიძეს 2018 წელს შევსებულ დეკლარაციაში მითითებული აქვს, რომ 2017 წელს არცერთი კომპანიიდან შემოსავალი არ მიუღია.

არასამთავრობო ორგანიზაციიის მიერ არასრულად შევსებული დეკლარაციის სიის სათავეში მოხდა საკრებულოს უმრავლესობის კიდევ ერთი დეპუტატი ომარ მახარაძე.

ბათუმის საკრებულოს იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისიის თავმჯდომარის
დეკლარაციაში მითითებული 50%-იანი წილი შპს „აისსა” და 20%-ანი წილი შპს „წყალი მახარობელში” მინდობით სხვა პირებზე არ გადაუცია, რაც კანონის მოთხოვნათა დარღვევაა. ასევე, დეკლარაციაში არ არის მითითებული ავტოფარეხი ქ.თბილისში ბახტრიონის ქუჩაზე და ბათუმში, გორგასლის ქუჩაზე მდებარე ავტოფარეხი და დამატებითი ფართი.

შპს „აისი” სხვადასხვა ორგანიზაციას პირდაპირი შესყიდვის გზით სასტუმრო მომსახურეობას უწევს, მათ შორისაა ბათუმის კულტურის ცენტრი, ბათუმის ბოტანიკური ბაღი, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი, აჭარის დასაქმების სააგენტო, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია და ა.შ.

ჯამში, 37 პირდაპირი მიყიდვის ხელშეკრულების შედეგად, სასტუმრო „აისმა” 60 ათას ლარამდე შემოსავალი მიიღო, თუმცა მიუხედავად ამისა, ომარ მახარაძეს ქონებრივ დეკლარაციაში მითითებული აქვს, რომ „აისის” 50%-იანი წილის ფლობიდან 2017 წელს შემოსავალი არ მიუღია.
რაც შეეხება ელექტრონულ ტენდერებს, „აისს” სულ ორ ტენდერში აქვს მონაწილეობა მიღებული, ერთის ღირებულება 1 200 ლარამდეა, მეორისა კი 37 ათას ლარამდე.

30 საჯარო მოხელედან 8 პირს შორის არის ბათუმის საკრებულოს უმრავლესობიდან კიდევ ერთი დეპუტატი ზურაბ ნაკაიძე.

ბათუმის საკრებულოს საფინანსო და ეკონომიკური განვითარების კომისიის თავმჯდომარეს 2018 წლის 16 მაისს შევსებულ დეკლარაციაში მითითებული არ აქვს სამეწარმეო საქმიანობა – საკრებულოს თანამდებობის პირი შპს „ბიოლა ჯორჯიას” დირექტორია, რითაც საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ კანონს არღვევს. კომპანია სახელმწიფო შესყიდვებში არ მონაწილეობს.

ზურაბ ნაკაიძემ მმართველ პარტიას „ქართულ ოცნება – დემოკრატიულ საქართველოს” 2014 წელს 2 200 ლარი შესწირა.

არასრულად შევსებული დეკლარაციის ავტორებს შორის არის ბათუმის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება – კონსერვატორების” თავმჯდომარეც.

ნატალია ძიძიგურმა 2018 წლის 23 თებერვალს შევსებულ დეკლარაციაში არ მიუთითა მეუღლის, იაგო ტაკიძის საკუთრებაში არსებული 77.6 კვ.მ სხვენი ბათუმში, ხიმშიაშვილის ქუჩაზე. დეკლარაციაში არც იაგო ტაკიძის 2.38%-იანი წილია აღნიშნული შპს „რესპუბლიკურ კლინიკურ საავადმყოფოში”. ორივე შემთხვევაში საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ კანონის მე-15 მუხლი დაირღვა.
არასრულად შევსებული დეკლარაციის სიაში მოხვდა ნატალია ძიძიგურის მოადგილეც.
ნერიმან ცინცაძეს 2018 წლის 7 მარტს შევსებულ ქონებრივ დეკლარაციაში აღნიშნული არ აქვს, რომ მეუღლე, როსტომ ცინცაძე ფლობს 6.67% წილს შპს „კანისა და ვენსნეულებათა სამედიცინო ცენტრში”.

“საერთაშორისო გამჭვირვალობის” კვლევის შედეგად დეკლარაციაში არასრული ინფორმაცია აღმოაჩნდა მითითებული ბათუმის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის უფროსს.
სოფიო მიქელაძეს 2018 წლის 24 ოქტომბერს შევსებულ დეკლარაციაში არ აქვს მითითებული მეუღლის რევაზ ვერძაძის სამეწარმეო საქმიანობა. ვერძაძე 25%-იანი წილის მფლობელია შპს-ში „ხელმარჯვე ოსტატი”. აღნიშნული გარემოება საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ კანონის მე-15 მუხლის დარღვევაა. კომპანია სახელმწიფო შესყიდვებში არ მონაწილეობს.

ასევე ბათუმის მერიის მობილიზაციის, სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის უფროსი ლევან მამინაიშვილი, რომელსაც 2018 წლის 23 სექტემბერს წარდგენილ დეკლარაციაში მითითებული არ აქვს მეუღლის, ლალი ძნელაძის 25%-იანი წილი შპს-ში „ველზი’’. შპს სახელმწიფო ელექტრონულ ტენდერებში არ მონაწილეობს.

არასრულად შევსებული დეკლარაციის 8 თანამდებობის პირს შორისაა ბათუმის საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატიც. ფრაქცია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარეს 2017 წლის 20 დეკემბერს შევსებულ დეკლარაციაში მითითებული აქვს, რომ შპს „ჯი ელ ჯის” 40%-იანი წილის ფლობიდან 2016 წელს შემოსავლის სახით 33 000 ლარი აქვს მიღებული. ბათუმის საკრებულოს თანამდებობის პირს აღნიშნული წილი სხვა პირზე მინდობით არ აქვს გადაცემული, რაც კანონდარღვევაა.

მირდატ ქამადაძემ „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას” 2016 და 2018 წლებში 10 000 ლარი შესწირა.

“საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო” მიმართავს საჯარო სამსახურის ბიუროს წარმოდგენილი ინფორმაციის საფუძველზე, კვლევაში აღნიშნული პირების ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციების შესწავლა და შესაბამისი რეაგირება მოახდინოს.

Comments
Loading...