- Advertisement -

გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერია:”იმედის დილაში“ გასული სიუჟეტი არასრულყოფილ ინფორმაცის შეიცავდა

გარდაბნის მუნიციპალიტეტი ეხმაურება "იმედის დილაში" გასულ სიუჟეტს, სადაც საუბარია სოფელ გამარჯვებაში დანაგვიანებულ ტერიტორიაზე. როგორც სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, ამ სიუჟეტში ჟურნალისტმა მაყურებელს არასწორი ინფორმაცია მიაწოდა. 

"12 იანვარს ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემა „იმედის დილაში“ გავიდა სიუჟეტი,რომელშიც საუბარი იყო გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამარჯვების ტერიტორიულ ერთეულში დანაგვიანებულ ტერიტორიაზე. აღსანიშნავია, რომ ამ სიუჟეტში ჟურნალისტმა არაერთი შეცდომა დაუშვა და ტელემაყურებელს არასრულყოფილი, ნახევარსიმართლის შემცველი ინფორმაცია მიაწოდა. არასრულყოფილი ინფორმაცია კი, მოგეხსენებათ, ტყუილის ტოლფასია.

სიუჟეტის ავტორმა, ჟურნალისტმა ირინა დოგრაშვილმა ა(ა)იპ „სუფთა ქალაქის“ დირექტორ გურიელ ჯოხაძის სტატუსი ორჯერ არასწორად დაასახელა – ჯერ „გარდაბან-განათებისა და კეთილმოწყობის სამსახურის“ უფროსად, ხოლო შემდეგ „დასუფთავების სამსახურის უფროსად“ წარმოგვიდგინა.

ჟურნალისტმა ირინა დოგრაშვილმა მხოლოდ ერთხელ, დაახლოებით 17 საათსა და 52 წუთზე, დაურეკა გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერს-
რამაზ ბუდაღაშვილს, მერმა უპასუხა, რომ შეხვედრაზე იმყოფებოდა და ოდნავ მოგვიანებით დაკავშირებოდა, მაგრამ ჟურნალისტს მისთვის აღარ დაურეკავს, სიუჟეტში კი აღნიშნა, რომ მთელი დღის ლოდინის შემდეგ გარდაბნის მერმა პასუხის გაცემა არ ისურვა.

მერის, რამაზ ბუდაღაშვილის პასუხი კი ასეთია, რომ მყისიერად შეისწავლა აღნიშნული პრობლემა და აღმოფხვრა. მან სპეციალური ჯგუფი გაგზავნა და ტერიტორია ნაგვისგან უკვე გაწმინდეს. გარდა ამისა, იანვრის ბოლოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გაიმართება დასუფთავების აქცია, რომელშიც მერი და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებიც მიიღებენ მონაწილეობას.

შეგახსენებთ, რომ ზემოხსენებულ უკანონო ნაგავსაყრელზე მრავალი წელია სამშენებლო და საყოფაცხოვრებო ნარჩენებს ყრიან. პოლიეთილენის ბოთლების დიდი რაოდენობა კი ბოლო დროს არის დაყრილი. ამჟამად, პრობლემა მოგვარებულია, ხოლო იგივე რომ არ განმეორდეს, აღნიშნული ტერიტორია გარდაბნის მერიის შესაბამისი სამსახურის მიერ პერიოდულად გაკონტროლდება", – აღნიშნულია მუნიციპალიტეტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

Comments
Loading...