- Advertisement -

გიორგი კვირიკაშვილი წყნეთი-ბეთანიის გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი წყნეთი-ბეთანიის გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო.

2015 წლის 13 ივნისის სტიქიის შედეგად დაზიანებული გზის მშენებლობა მიმდინარე წლის ივნისში დასრულდება.

"ძალიან კარგია, რომ „ევროპის საინვესტიციო ბანკის“ დაფინანსებით, სრულდება, პრინციპში, დასრულების სტადიაშია ის გზა, რომელიც უკავშირდება ცნობილ კატასტროფას, თბილისში მომხდარ წყალდიდობას. აქ იყო მთავარი მეწყერი და აქედან წავიდა მერე მთელი პროცესი. კატასტროფის მასშტაბი არის უზარმაზარი, რასაც თქვენ ხედავთ. „ევროპის საინვესტიციო ბანკის“ დაფინანსებით უკვე თითქმის ერთი წელია აქ მუშაობს კომპანია. 26 მილიონი ლარი დაჯდა, მთლიანად, ეს სამუშაოები. რაც ყველაზე კარგია, ისეთი ტექნოლოგიებით კეთდება, რომელიც ძალიან დიდი ალბათობით გამორიცხავს მომავალში, რომ ამ მონაკვეთს შეეხოს რაიმე ასეთი, რაც უსაფრთხოებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

რამდენიმე მუნიციპალიტეტი სარგებლობდა ამ გზით, წალკა, გარდაბანი, თეთრიწყარო და ასე შემდეგ. ამიტომ, ჩვენი მოსახლეობისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია, ისინი ძალიან დიდ წრეს აკეთებდნენ, სახლში რომ მისულიყვნენ. ასევე რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი იქნება ტურიზმისთვის. თქვენ ნახეთ ალბათ ის კონსტრუქციები, რაც კეთდება, თანამედროვე ევროპული სტანდარტებით. იქნება უსაფრთოხება დაცული, როგორც ქვების ცვენისგან, ასევე ნიაღვარისგან. მთლიანად ვერეს ხეობაში ეწყობა სრულიად ახალი კონსტრუქციები, რომელიც ასევე უზრუნველყოფს იმას, რომ ისევ და ისევ რაც მაშინ მოხდა – მოგლეჯილი ხე-ტყის ნარჩენებმა ჩახერგეს და წყალი დაგუბდა, ასეთი რამე აღარ მოხდება, ბადეები იქნება დამონტაჟებული.

სოფელ ახალდაბაშიც გადის ახალი გზა. ასე რომ, ეს ძალიან კარგი სამუშაო უკვე ივნისისთვის, სამი წლის თავზე, ცნობილი კატასტროფიდან დასრულდება და შევა ექსპლუატაციაში. ეს არის საერთაშორისო თანამშრომლობის ძალიან კარგი მაგალითი, რადგან თვითონ გზის დიზაინისა და უსაფრთხოების ელემენტების შემუშავებაში ჩართულნი იყვნენ ამერიკელები, ევროპელები – გერმანელები, ასევე თურქი სპეციალისტები. ასე რომ, საერთაშორისო გუნდის მიერ დამუშავდა ეს პროექტი, რათქმაუნდა, ქართელი სპეციალისტები ასეთი თანამშრომლობისას იმაღლებენ კვალიფიკაციას და კომპანია, რომელიც მუშაობს და როგორც ხედავთ უმაღლეს დონეზე ასრულებს სამუშაოს – „კავკასუს როუდ პროჯექტი“ მგონია, რომ მისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია ასეთი თანამშრომლობა.

თვითონ პროექტის სტრუქტურა არის კიდევ განსხვავებული, ეს არის საჯარო – კერძო პარტნიორობა, იმიტომ რომ ეს პროექტი ითვალისწინებს შემდგომში მოვლა-პატრონობის ვალდებულებასაც, რაც კომპანიას აძლევს მოტივაციას, რომ უმაღლესი ხარისხით შეასრულოს სამუშაოები, რათა მომავალში ექსპლუატაციის დანახარჯები იყოს ნაკლები, ასე რომ ძალიან კარგი პროექტია,“- განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.

Comments
Loading...