- Advertisement -

გორში “ამომრჩველ ქალთა საჭიროებების” თემაზე დისკუსია გაიმართა

ორ საათზე მეტხანს გაგრძელდა შეხვედრა-დისკუსია ,,ამომრჩველ ქალთა საჭიროებების“ თემაზე, პოლიტიკური პარტიებისა და საზოგადოების წარმომადგენლების მონაწილეობით.

შეხვედრის ორგანიზატორმა, გორის გენდერის მედიაცენტრის ხელმძღვანელმა ნათია ომაძემ საზოგადოებას გორსა და გორის თემში მცხოვრები ქალების საჭიროებები გააცნო, რომელზეც კვლევა თვენახევრის მანძილზე ტარდებოდა. აუდიტორიამ, რომლებიც სხვადასხვა სოციალური ჯგუფის წარმომადგენლები იყვნენ, პოლიტიკოსებს მიაწოდა ინფორმაცია სოფლად და ქალაქად მცხოვრები, იძულებით გადაადგილებული და შშმ ქალების პრობლემებსა და საჭიროებებზე, რის შემდეგაც პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებმა განმარტეს რა აქვთ ასახული საარჩევნო პროგრამებში და რას გააკეთებენ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ქალთა პრობლემების მოსაგვარებლად.

ხმაური მოყვა კომუნისტური პარტიის მერობის კანდიდატის ალეკო ლურსმანაშვილის გამოსვლას, რომელიც ირწმუნებოდა რომ შშმ პირების უფლებები საბჭოთა კავშირის დროს უფრო მეტად იყო დაცული. მის განცხადებას უარყოფითი კომენტარებით უპასუხეს დარბაზში მყოფებმა, რის გამოც ლურსმანაშვილმა და მისმა მხარდამჭერებმა დარბაზი დატოვეს.

,,საბჭოთა პერიოდში დაცული იყო გენდერული თანასწორობა – ქალისა და მამაკაცისა. ასევე, შეზღუდული შესაძლებლობების პიროვნებებს გაცილებით უკეთესი მდგომარეობა ჰქონდათ, იყო ქარხანა სადაც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები მუშაობდნენ და თვითონ არჩენდნენ თავიანთ ოჯახებს. დღეს კი ეს ყველაფერი დავიწყებულია. მე აქ შეკრებილ საზოგადოებას ვუთხარი ეს, რაც საზოგადოების გარკვეულ ნაწილს არ ესიამოვნა," – განაცხადა ლუსმანაშვილმა დარბაზიდან გამოსვლის შემდეგ.

,,შეხვედრას თითქმის ყველა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელი ესწრებოდა, რომლებიც მონაწილეობენ ადგილობრივი თვითმმართევლობის არჩევნებში გორში. ვფიქრობ, ამ თემებზე შეხვედრა-დისკუსიებით პოლიტიკურ პარტიებს ერთგვარი პასუხისმგებლობა გაუჩნდებათ, რომ ქალთა საჭიროებებსა და პრობლემებს სათანადო ყურადღება დაუთმონ, მეორე მხრივ კი, ამომრჩეველ ქალებს დაანახებს რომ მათი საკითხებით პოლიტიკოსები დაინტერესდნენ და ეს მოტივაციას მისცემს აქტიური ამომრჩევლები გახდნენ,“ – აღნიშნა გორის მედიაცენტრის ხელმძღვანელმა ნათია ომაძემ.

დისკუსია გაიმართა პროექტის „დაუჭირე მხარი ქალთა პოლიტიკაში ჩართულობას“ფარგლებში, რომელიც ხორციელდება აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) ACCESS-ის პროექტის ფარგლებში.
 

Comments
Loading...