- Advertisement -

გორში პოლიტიკაში ქალთა ჩართულობის მნიშვნელობაზე დისკუსია გაიმართა

გორის დემოკრატიის ჩართულობის ცენტრში, „ჟურნალისტთა ქსელი გენდერული თანასწორობისათვის“ გორის გენდერის მედიაცენტრის ინიციატივით გაიმართა დისკუსია ქალ ამომრჩევლებსა და ქალ პოლიტიკოსებს შორის. დისკუსიის მონაწილეებს პოლიტიკაში ქალთა ჩართულობის მნიშვნელობაზე და ამომრჩეველ ქალთა საჭიროებებზე გენდერის მედიაცენტრის დირექტორი ნათია ომანაძე ესაუბრა.

შეხვედრა გაიმართა პროექტის „დაუჭირე მხარი ქალთა პოლიტიკაში ჩართულობას!“ ფარგლებში, რომელიც ხორციელდება აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) ACCESS-ის პროექტის ფარგლებში, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით.

პროექტის მიზანია ამომრჩეველი ქალების საჭირობების გამოვლენა და არჩევნებში ჩართული ყველა მხარის ცნობიერების ამაღლება, რათა ხელი შეეწყოს 2017 წლის 21 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ქალი ამომრჩევლების მონაწილეობის ზრდას.

პროექტი განხორციელდა საქართველოს 8 რეგიონის 12 ქალაქში, სადაც გამოვლინდა ქალთა საჭიროებები, ძირითადი აქცენტი გაკეთდა ქვემო ქართლში სოფლად მცხოვრებ ეთნიკურად აზერბაიჯანელ ქალებზე, ბოშებზე, შშმ პირებსა და დევნილებზე.

მსგავსი ტიპის დისკუსიები საქართველოს 8 რეგიონში ჩატარდა, რომელზეც ორგანიზაციის მიერ მომზადებული ანგარიში ქალთა საჭიროებების შესახებ კანდიდატებსა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს გაეცნოთ.
 

Comments
Loading...